მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს, რომ მისმა მეუღლემ, ქეთი მესხიშვილმა ინგლისისა და უელსის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.
‘ჩემმა ქეთიმ ისეთი ამბები დაატრიალა, ქართული სააგენტოები რომ ანიუსებენ ხოლმე, რაღაც მსგავსი სათაურით: “ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ინგლისისა და უელსის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა?”
დიახ. ბოლო თვეების განმავლობაში, ქეთი, სამსახურისა და ყოველდღიური ოჯახური პასუხისმგებლობების პარალელურად, ღამის თენებებისა და შაბათ-კვირების ხარჯზე, თავაუწევლად სწავლობდა ინგლისის სამართლის სხვადასხვა დარგს და ემზადებოდა უდიდესი და ურთულესი გამოცდისათვის. და ბოლოს, რა თქმა უნდა, წარმატებითაც ჩააბარა ყველაფერი.
როგორი ამბავია, არა?! საქართველოს გარდა, ქეთი ინგლისშიც შეძლებს იურისტად მუშაობას.
ცხრა წელია ერთად ვართ და ქეთი ყოველდღიურად მიმტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ შენი ოცნებებისა და მიზნებისათვის თავს გადადებ.
და ჩვენც ასე ვართ: ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, დაღლილს ყავას ვუდუღებთ და თუ რომელიმეს მაგიდაზე ჩაგვთვლემს, საწოლშიც გადაგვყავს ხოლმე.
და დღის ბოლოს, ბედნიერები ვართ იმით, რომ ორივე ვაკეთებთ ჩვენ ჩვენს საყვარელ საქმეს, თუნდაც ამას ერთად გატარებული საღამოები, ტახტზე კოტრიალობა და სერიალის ყურება ან წიგნის კითხვა ეწირებოდეს”, – წერს მებო ნუცუბიძე.