LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემს ძლიერ მხარედ ოპტიმიზმს და მომავლის განჭვრეტას მივიჩნევ, ყოველთვის შემიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა” – ,,ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი ,,წარმატების ფორმულაში”

18
showarmateba

გადაცემის ლაივი LIVE

27 სექტემბერს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” ,,ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი სტუმრობდა, რომელმაც ბანკის წარმატებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გრენობლის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით დასრულების და საბანკო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების შეძენის შემდეგ, 2020 წელს ბატონი ვასილი ,,ლიბერთი ბანკს” ჩაუდგა სათავეში.

– ბატონო ვასილ, როგორც ვიცი საბანკო სფეროში ჩაბმამდე სულ სხვა პროფესია გქონდათ არჩეული,

– თავიდან კარდიოლოგობა მინდოდა. მეტიც, სამედიცინო ინსტიტუტშიც კი ჩავაბარე, თუმცა სწრაფად მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. დედა მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში და ძმასთან ერთად მეც ხშირად ვსტუმრობდი ბავშვობაში. ძალიან საინტერესოდ მეჩვენებოდა იქ მუშაობა, თუმცა, უკვე ინსტიტუტში სწავლისას მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ადამიანების ,,გაჭრა” და ოპერაციის გაკეთება.

– პანდემიის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარეთ ,,ლიბერთი ბანკი”, თუმცა მაინც უამრავი გეგმა დაისახეთ სამომავლოდ. საინტერესოა, რისი განხორციელება მოახერხეთ და რა ვერ შეძელით?

– პირველ რიგში, ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები განვსაზღვრეთ, სტრატეგია შევიმუშავეთ და სამწლიანი გეგმა გავწერეთ, ამიტომ კარგად გვაქვს წარმოდგენილი რა მიმართულებით მივდივართ და რისი მიღწევა გვინდა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გადავახალისეთ ტოპ-მენეჯმენტი და თითქმის 70 პროცენტით შევცვალეთ ძველი გუნდი. სხვათა შორის, ,,ლიბერთი ბანკი” თავისი ფილიალებით ყველაზე დიდი ბანკია საქართველოში. მართალია, ძალიან გვინდოდა რეგიონებში მოგზაურობა და ჩვენი მომხმარებლის გაცნობა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედია, სულ უფრო მეტი ადამიანი აიცრება, სიტუაცია დარეგულირდება და ჩვენც შევძლებთ ჩვენი გეგმების განხორციელებას.

– ,,ლიბერთი ბანკში” როგორ მიდის ვაქცინაციის პროცესი?

– სათავო ოფისში თითქმის 80 პროცენტი აიცრა, თუმცა რეგიონებშია ბევრად დაბალი მაჩვენებელი.

– რა უპირატესობა აქვს ,,ლიბერთი ბანკს” სხვა ბანკებთან შედარებით?

– ვფიქრობ, მთავარი უპირატესობა ჩვენი გუნდია, ის პროფესიონალი კადრები, ვინც მუდმივად განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ლიბერთი ყველაზე მსხვილი ქსელური ბანკი, მსხვილი დამსაქმებელია და დაფარვაც უფრო მასშტაბური აქვს.

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ,,ლიბერთი ბანკის” დირექტორობა?

– გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებისას, პირველ რიგში ჩვენი ბანკის ტოპ-სამეულში გაყვანას ვფიქრობდი, რაც მაღალი კონკურენციის ფონზე არც ისე მარტივია. გარდა ამისა, ძალიან მინდა რომ ჩვენს 5 ათას თანამშრომელთან ერთად აქციონერებიც და კლიენტებიც ყოველთვის კმაყოფილი იყვნენ ჩვენი მუშაობით.

– რამდენად გმატებთ მოტივაციას წინაღობების დაძლევა?

– ალბათ, წინაღობები უფრო მაძლიერებს.

– ახლა რა პროექტები აქვს ,,ლიბერთი ბანკს” და რას გეგმავს სამომავლოდ?

– ახლო მომავალში ახალი სერვისის და პროდუქტის შეთავაზებას ვგეგმავთ მომხმარებლისთვის, რისთვისაც ჯერ ბანკში არსებულ მონაცემებს ვსწავლობთ და ვაანალიზებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. მართალია, მანამდე მხოლოდ ეპიზოდურად ვეხმარებოდით მეწარმეებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აქტიურად გვინდა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს.

– რა მენეჯერული უნარები გამოიმუშავეთ მრავალწლიანი მუშაობის ფონზე?

– ჩემს ძლიერ მხარედ ოპტიმიზმს და მომავლის განჭვრეტას მივიჩნევ, ყოველთვის შემიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა. ამასთანავე, ძალიან არ მიყვარს დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, თუმცა ყოველთვის მიჭირს მიღწეულის გააზრება და შედეგით დაკმაყოფილება.

– დამოუკიდებლად გირჩევნიათ გადაწყვეტილების მიღება და გუნდის აზრითაც ინტერესდებით?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის კოლექტიურად ვიღებთ, მით უფრო, რომ ბოლო დროს ხშირად მივმართავთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.

– რას ანიჭებთ უპირატესობას თანამშრომლების შერჩევისას?

– ვფიქრობ, მთავარი ინიციატივის გამოჩენის უნარი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების და გადაწყვეტილების მიღების გამბედაობაა.

– უხერხულობა ხომ არ შეგქმნიათ ბიზნეს ეტიკეტის არ ცოდნის გამო?

– ბევრჯერ აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში, რადგან ქართველებს ურთიერთობის მეტად უჩვეულო ფორმა გვაქვს. მაგალითად, ძალიან გვიყვარს პარალელურ რეჟიმში საუბარი, არასდროს ვუსმენთ და ვაცლით ლაპარაკს ერთმანეთს.

– ვის თვლით სამაგალითო ადამიანად?

– ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს გარშემო ყოველთვის არაჩვეულებრივი, მართლაც სამაგალითო ადამიანები იყვნენ, ვისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია, ზოგჯერ სწრაფად ვიღებ, ზოგჯერ კი, დაფიქრება მჭირდება.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?

– “არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია!”

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას, რამდენად ხშირად გიწევთ ოფიციალური სამოსის მორგება?

– საკმაოდ ხშირად მიწევს, თუმცა ძალიან მზღუდავს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ გავექცე შეზღუდვებს.

– ხართ თუ არა გურმანი და გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი?

– ძალიან მიყვარს თევზის კერძები.

– რას თვლით განტვირთვის საუკეთესო საშუალებად?

– თხილამურებით სრიალს და ბუნებაში სეირნობას.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა და მრჩეველიც.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– ჩემი მეუღლის, ახლობლების, მეგობრების და მათი შვილების ღიმილიანი სახე.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები