LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სოლოკონცერტს 20 წელი ველოდებოდი… მჯერა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამ შრომას ეკადრება“ – 24 ნოემბერს დათუნა სირბილაძის სოლოკონცერტი გაიმართება

784
დათუნა სირბილაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მომღერალი დათუნა სირბილაძე სტუმრობდა, რომელმაც დაგეგმილ სოლოკონცერტზე – „აქ ემღერება გულს“ ისაუბრა.

„აქ ემღერება გულს“ – 24 ნოემბერს დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი გაიმართება

დათუნა, მოგვიყევი შენს სოლოკონცერტზე, სად გაიმართება ღონისძიება?

ჩემს სოლოკონცერტს 20 წელი ველოდებოდი. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე, შრომის გარეშე ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებ. კონცერტი 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, „რუსთაველის თეატრში“ იქნება. იქნება არაჩვეულებრივი პროგრამა, იქნებიან არაჩვეულებრივი მომღერლები, შესრულდება დუეტები. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანია, რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი, კონცერტის პროდიუსერი – ნეკა სებისკვერაძე, ასევე, ამ ყველაფერში ჩართულია მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელი – ლიკა ხუნწარია და მხატვარი – ვანო ჭელიძე. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ასევე, დიდი მადლობა „კულტურის სამინისტროს“, „ქალაქ თბილისის მერიას“, „შემოქმედებით საქართველოს“.

როგორი იქნება კონცერტის პროგრამა?

იქნება დუეტები, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება სოლო შესრულება, რადგან ჩემი სოლოკონცერტია, მაგრამ ჩემი მეგობრების და კოლეგების გარეშე, ეს საღამო არ გამოვიდოდა, რადგან ყველასთან წლები, დუეტები მაკავშირებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ჯაბუა, ნათია პერანიძე, „თეატრალურის კვარტეტი“, „შვიდკაცა“, „ჰერიო“, კახა გრიგალაშვილი, გიგა აბესაძე, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი და ჩემთვის ყველაზე გასახარი, ჩემი და-ძმა, ანკა და გივიკო სირბილაძეები. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან დიდი, სენტიმენტალური სიურპრიზი იგეგმება და მგონი გამოგვივა ამის გაკეთება.

იქნება აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამა, იქნება ნაცნობი სიმღერებიც, ახალი სიმღერებიც და ახალი ვერსიებიც.

საღამო ნიკა წულუკიძეს მიჰყავს.

როგორია კონცერტის სამზადისი, სამუშაო პროცესი?

პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საქმე პროფესიონალებთან მაქვს, შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ მარტივად, შეთანხმებით, ერთიანი ძალებით ხდება. ქეთი გაბისიანს ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში, ეს არის ახალი ვერსიების მომზადება, თვითონ რეპეტიციები. დღე არ არის, რომ ქეთისთან არ ვიყო, რადგან მართლა დიდი პროგრამაა. ახლა, ძალიან აქტიურ რეჟიმში გადავედით და მჯერა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამ შრომას ეკადრება.

მომიყევი ერთი სიმღერის ისტორია, დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელია ის ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს?

ბედნიერი ვარ, რომ ვმღერი ძალიან კარგი, ყველასთვის საყვარელი და ძვირფასი კომპოზიტორების სიმღერებს, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ვმღერი ჩემთვის დაწერილ სიმღერებს, ეს მომღერლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კომპოზიტორი რომ სიმღერას გჩუქნის, ეს დიდი პატივია.

რაც შეეხება ერთი სიმღერის ისტორიას, არ შემიძლია, რომ „ყვითელი ფოთლები“ არ გამოვყო, რადგან როდესაც ეს სიმღერა გამოვიდა, იმ წლის ყველაზე საუკეთესო თუ მოთხოვნადი ნამუშევარი გახდა. დღემდე, სადაც არ უნდა შევიდე, „ყვითელი ფოთლები“ გვიმღერეო, ამბობენ. ასევე, სიმღერა „აქ ემღერება გულს“, თითქოს ჩემი ცხოვრების სიმღერაა, რადგან 20 წლის წინ, პირველად რომ დავდექი „ჯეოსტარის“ სცენაზე, ეს სიმღერა ვიმღერე და რაღაცნაირად ძალიან ჩემი გახდა, მოგონებების კუთხითაც, ამ ქალაქის სიყვარულის კუთხითაც. ალბომსაც „აქ ემღერება გულს“ დავარქვი, კონცერტსაც „აქ ემღერება გულს“ ერქმევა. საღამოს ამ სიმღერით გავხსნი.

როგორ მოხვედი აქამდე, რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც წარმატების მისაღწევად არის საჭირო?

რაც შემიძლია აღვნიშნო, მთელი ცხოვრება მართლა გულით ვაკეთებდი ყველაფერს. შეიძლება, ყველა სიმღერა ყველას არ მოეწონოს, არც მე არ მომწონს რაღაცები, მაგრამ რასაც ვმუშაობდი და რაც ნამღერი მაქვს, გულით მაქვს გაკეთებული, ბევრი მაქვს ნაფიქრი და მიხარია, რომ მსმენელამდე რაღაცები, ალბათ, სწორად მივიტანე. ეს ყველაფერი რეპერტუარის და იმ კომპოზიტორების დამსახურებაცაა, რომლებმაც ამაზე იმუშავეს. როდესაც სიმღერაში სული არსებობს, შემდეგ, შენც გიადვილდება, რომ მსმენელამდე მიიტანო ის სიტყვა და სული, რაც კომპოზიტორმა სიმღერაში ჩადო. ვთვლი, რომ სწორად არჩეული რეპერტუარი და გულით ნამღერი სიმღერა არის, ალბათ, ის ფორმულა, რომელიც მომღერლისთვის მნიშვნელოვანია წარმატების გზაზე.

რა ხდება სცენის მიღმა, სანამ მსმენელს შეხვდები, თუ გაქვს რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ღელვა, ნებისმიერ სცენაზე, სადაც არ უნდა გახვიდე, არ აქვს მნიშვნელობა დარბაზის სიდიდეს და ხალხის რაოდენობას, რადგან ეს პასუხისმგებლობაა მსმენელის წინაშე და ეს არასდროს მავიწყდება, არც არავის უნდა დაავიწყდეს. აუცილებლად პირჯვარს გადავიწერ ხოლმე და ისე გავდივარ სცენაზე, რადგან უფლის ნებაა ყველაფერი და მანდაც ღმერთს ვთხოვ დახმარებას. წარმატების ფორმულა არის, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყო. პირველ ორ სიტყვას სანამ ვიტყვი ვღელავ…

სიმღერის ტექსტი არ გავიწყდება ხოლმე?

ტექსტის პრობლემა მაქვს, მაგრამ სულ არის გამოსავალი, შეიძლება, რომ რაღაც სიტყვა სხვანაირად თქვა (იცინის).

ოდესმე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს, დაგვიწყებია ტექსტი?

კი, ვაღიარებ, ხშირად არის ასე.

ყველაზე ხშირად ვის უმღერი სცენიდან?

ყველას, ყველა ჩემს მსმენელს.

ვინ იყო პირველი კომპოზიტორი, რომელმაც შენთვის დაწერა ნამუშევარი?

პირველი კომპოზიტორი, ვინც სიმღერა მომცა, იყო ნატო გელაშვილი და ეს იყო ჩემთვის დღესასწაული, თუმცა ეს სიმღერა უკვე დაწერილი იყო და არ ვამბობ, რომ ჩემთვის შეიქმნა. ვთხოვე, რომ „შემიყვარდა ერთი გოგო პაწაწინას“ ვიმღერებდი, ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე. მერე, იყო ლილიკო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი, ნათია ზეინკლიშვილი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g