27 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სასტუმროს Golden Tulip Design Tbilisi გენერალური მენეჯერი, საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი ელენე ოთარაშვილი სტუმრობდა.
– ელენე, რამდენად რთულია მუდმივად ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა?
– 12 წელია ტურიზმის ინდუსტრიაში ვარ და არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. მიხარია, რომ ამ პერიოდში ჩვენი სფერო განვითარდა და უამრავი დადებითი ცვლილება განიცადა. წლების წინ ელემენტარული ინფორმაციის მოძიება გვიჭირდა, ახლა კი, ყველაფერი ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომია.
– როგორ იქმნება კომფორტი Golden Tulip-ში?
– მსოფლიოს წამყვანმა მულტიბრენდულმა კომპანიამ Louvre Hotels Group-მა, რომელსაც მე წარმოვადგენ დიდი ხანია გაითქვა სახელი საინტერესო ინიციატივებით ტურიზმის ინდუსტრიაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსხვილი პროექტების განხორციელებას გეგმავს საინვესტიციო ჯგუფთან Block Group-თან თანამშრომლობითაც, რომლის პირველ პროექტად სწორედ Golden Tulip Design Tbilisi იქცა. ალბათ იცით, რომ Golden Tulip-მა სერიოზული რებრენდინგი განიცადა და აბსოლუტურად განახლებული სახით წარდგა მომხმარებლის წინაშე. ამავე პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ჩვენც ახალ სასტუმროში, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენებისგან.
– რას თვლით თქვენს მთავარ უპირატესობად?
– პირველ რიგში სასტუმროს დიზაინია ხაზგასასმელი, რომელიც „ნოა სტუდიოს“ და პორტუგალიელ დიზაინერს სეზარ რიბეიროს ეკუთვნის. ვფიქრობ, საინტერესოდ და მეტად უჩვეულოდ აისახა გეომეტრიული ფიგურების „თამაში“ სასტუმროს ინტერიერსა და ექსტერიერში, რადგან ყველა დეტალმა განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა. ამასთანავე, თვითონ სასტუმროს „მწვანე შენობაა“ მთლიანად ეკომეგობრული და ენერგოეფექტური, ინტერიერი და ექსტერიერი კი, რომელიც არაჩვეულებრივად გადმოსცემს ქართულ კულტურასა და ისტორიას, მხოლოდ ნატურალური მასალით შეიქმნა. აღსანიშნავია Mood Light-ის კონცეფციაც, რომელმაც ერთგვარ ცოცხალ ორგანიზმად აქცია სასტუმრო, სტუმრებს კი, საშუალება მისცა საკუთარი განწყობისა და გემოვნების შესაბამისად შეარჩიონ განათება. რა თქმა უნდა, სასტუმროს საკუთარი საკონფერენციო დარბაზი, სამი რესტორანი და ულამაზესი ტერასა აქვს, საიდანაც მართლაც ფანტასტიკური ხედი იშლება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ჩვენი სამზარეულო და შეფმზარეული, რომელიც ერთის მხრივ, სტუმრების ჯანსაღ კვებაზე ზრუნავს, მეორეს მხრივ, მეტად ორიგინალურ და საოცრად გემრიელს კერძებს ამზადებს.
– რამდენად სწრაფად განხორციელდა პროექტი და ხართ თუ არა კმაყოფილი შედეგით?
– პროექტი რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრეთ, თუმცა პანდემიამ მისი განხორციელების გადადება გვაიძულა. ინტენსიურ მუშაობას იანვრის თვიდან შევუდექით, როცა უამრავი საქმის ერთდროულად შესრულება მოგვიხდა, თუმცა ყველა სირთულე წარმატებით დავძლიეთ და ახლა მოუთმენლად ველით სტუმრებს.
– პროფესიით მუსიკოსი ხართ და საკუთარი ჯგუფიც კი გქონდათ. კომპოზიციას ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
– კომპოზიცია ნაკლებად, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოდ იალტის საერთაშორისო ფესტივალი მახსენდება, როცა „რონდომ“ საპრიზო ადგილი მოიპოვა. ზოგადად მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, „რონდომ“ კი, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემი ხასიათის ფორმირებაზე, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი უშუალობა და კომუნიკაბელურობა, ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული და ნებისმიერთან საერთო ენის სწრაფად გამონახვის უნარი.
– მომავალში ხომ არ გეგმავთ მუსიკას დაბრუნებას?
– სიმართლე ვთქვა, ამ თემაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან უამრავი სხვა საქმე მაქვს. თუმცა, ჯგუფის წევრებთან დღესაც ინტენსიურად ვურთიერთობ, რადგან სწორედ მათ ვთვლი საუკეთესო და უახლოესი მეგობრებად.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სწორედ ახლა ვქმნი ჩვენი სასტუმროს „ოქროს გუნდს“, ვისთან ერთადაც უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავ.
– რამდენად რთულია გამოცდილი კადრების მოძიება?
– ძალიან რთულია, მით უფრო, პანდემიის შემდეგ, რომელმაც სწორედ ტურიზმის სფერო აზარალა ყველაზე მეტად, ამიტომ ბევრმა სხვა სფეროში არჩია საქმიანობა. ჩვენ თანამშრომლებს ენთუზიაზმისა და მოტივაციის გათვალისწინებით ვირჩევთ, რადგან მთავარი არა წლების მანძილზე დაგროვი გამოცდილება, არამედ საუკეთესოს შექმნის სურვილია. მაქსიმალურად ვცდილობთ თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, რათა ლაღად, თავისუფლად იგრძნონ თავი, შეიყვარონ საქმე, რომელსაც აკეთებენ და თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი.
– რა თვისებას აფასებთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
– არასდროს ვუფრთხი პრობლემებს და ყოველთვის ჯიუტად მივიწევ დასახული მიზნისკენ.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ჯერ სხვის მოსაზრებას ვისმენ, ვაანალიზებ და მხოლოდ შემდეგ ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ბლიცკითხვები
– Golden Tulip-ის სლოგანი?
– Playtime, anytime! ანუ ყოველთვის კარგ განწყობაზე უნდა ვიყოთ!.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– მეუღლეს და დედას.
– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?
– მიყვარს იოგა და პილატესი.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?
– მუდმივად რაღაცას ვაფასებ, ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ „მშვენიერია!“ ან „გადასარევი!“
– რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
– ძალიან არ მიყვარს ტყუილი.
– როგორ გამოხატავთ გაბრაზებას?
– კარგად ვმართავ ემოციებს, ამიტომ მირჩევნია საერთოდ არ გამოვხატო ბრაზი.
– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?
– ნებისმიერი საჩუქარი მიხარია, რომელიც ჩემთვისაა მომზადებული.
– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– ბუნებაში ოჯახთან ერთად.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– ძალიან მომწონს თქვენი გადაცემის სტუმრობა.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ბრჭყვიალა თვლებს და ბუს ფიგურების კოლექცია მაქვს.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– მზეს და მწვანე მდელოს.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ძალიან რთულია გამზადებული ფორმულის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, წარმატება ჩანაფიქრის სრულად განხორციელებაა იმ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, რომელთაც თანამედროვე ეპოქა გვთავაზობს. პირადად ჩემთვის მთავარი მოტივაცია მუდმივად განვითარება და სიახლეების ძიებაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გამბედაობა, პრობლემების დაძლევის უნარი და სირთულეების ახალ შესაძლებლობებად ქცევა.