LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის მზეთამზემ პოპულარული კურორტები ჩაანაცვლა“ – საოჯახო ბიზნესი, რომელიც სოფელს განავითარებს

991

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ მზეთამზეში,  ეკოსასტუმრო უკვე ექვსი წელია ფუნქციონირებს.

ნონა სააკაშვილის ოჯახური ბიზნესი, ძალიან ბევრი დამსვენებლისთვის უკვე მეორე სახლად და ზაფხულის ტრადიციად იქცა.

სასტუმტრო ორივე სეზონზე მუშაობს, თუმცა, ზამთარში გარშემო შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის.

როგორც ნონა სააკაშვილი ამბობს, ის ამ მხრივაც აპირებს, როგორც სასტუმროს, ასევე სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის კი სახელმწიფო დახმარების სისტემას მიმართავს და იმედი აქვს, ნაწილობრივ დაფინანსებას მოიპოვებს.

„არის პროგრამა „ააშენე საქართველო“ „მიიღე სტუმარი“ და ა.შ. მინდა რომ ჩავერთო ამ ინიციატივებში. ამ დრომდე სასტუმრო კრედიტის მეშვეობით განვავითარე. ახლა, უფრო მასშტაბური იდეისთვის, სახელმწიფოს დახმარება მჭირდება“, – განაცხადა სასტუმროს დირექტორმა ნონა სააკაშვილმა.

„მზეთამზეს“ განვითარების გეგმა – სათხილამურო ტრასები და საბაგირო

სააკაშვილის თქმით, სოფელ მზეთამზეში არ არის სათხილამურო ტრასა, ამიტომ ზამთარში მის დამსვენებლებს, წასვლა ბაკურიანში უწევთ.

სასტუმროს დირექტორი გეგმავს, რომ პატარა საბაგირო და ტრასა გააკეთოს ბავშვებისთვის.

„ზამთარში, ძირითადად, ოჯახები ჩამოდიან ბავშვებით, მაგრამ სასრიალოდ წასვლა უწევთ ბაკურიანში. არადა, იმდენად კარგი ლანდშაფტია ტრასის გასაკეთებლად, რომ პატარა სასრიალო ტრასას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი“, – აღნიშნა მან.

ეკო სასტუმრო – სერვისი და კომფორტი

სასტუმროს ერთდროულად 170–180 სტუმრის მიღება შეუძლია. ახლა მთლიანად სავსეა. ნონა სააკაშვილი ამბობს, რომ დამსვენებლები ჯავშნებს სამი თვით ადრე აკეთებენ.

სასტუმროში არის ყველა ტიპის ნომერი, მათ შორის VIP ოთახებიც.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნური საფარით მოწყობილი სტადიონი, ბავშვებისთვის გათვლილი ბატუტი, ატრაქციონები, მაგიდის ჩოგბურთი, ღია კაფე და აუზია. ასევე სრული იდილიისთვის ტყის მხარეს ჰამაკებია გაბმული.

მსურველებს სასტუმრო გასვლით ტურებსაც სთავაზობს, თუმცა როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ამაზე დიდი მოთხოვნა არ არის.

„აქ თითქმის ყველაფერია: შესანიშნავი ხედი, კარგი ჰაერი, ჯანსაღი კვება და გასართობი ინფრასტრუქტურა. იშვიათად უნდებათ სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა, თუმცა სურვილის შემთხვევაში ტურების მოწყობაც შეგვიძლია დამსვენებელს შევთავაზოთ“, – განაცხადა მან.

სასტუმრო აღჭურვილია საკონფერენციო ოთახებითა და დარბაზებით. ნონა სააკაშვილის თქმით, დარბაზებში ბავშვებს დაბადების დღეებს უხდიან. სურვილის შემთხვევაში ჩამოჰყავთ ანიმატორები, ან მას საკუთარი ძალებით აწყობენ და ალამაზებენ.

„მხოლოდ ბავშვებზე არ ვართ ორიენტირებულები. არიან წყვილებიც, პენსიონრებიც. ყველანაირი კატეგორიის ხალხი მოდის, ვისაც დასვენება და მშვიდი გარემო უნდა აქ ჩამოდიან კომფორტისთვის. ოჯახურ გარემოში გრძნობენ თავს და ყოველწელს უნდებათ დაბრუნება“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ სააკაშვილმა.

 

ჩემთვის მზეთამზემ უკვე ჩაანაცვლა ხვა პოპულარული კურორტები

ნატო ხარაშვილი ბავშვთან ერთად უკვე მესამე სეზონია მზეთამზეში ისვენებს. როგორც თავად ამბობს, ბორჯომისგან და ბაკურიანისგან განსხვავებთ, აქ არც ავტომობილის გამონაბოლქვი და არც სიგარეტის კვამლია.

„ის რაც განასხვავებს მზეთამეს ბაკურიანისა და ბორჯომისგან, არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სამწუხაროდ, დღეს მთიან კურორტებზე ისეთივე აქტიური მოძრაობაა ავტომობილების, როგორც დიდ ქალაქებში – სასტუმროებში სიგარეტის კვამლია, ქუჩაში -გამონაბოლქვი. ეს სუფთა ჰაერი აღარაა. ბავშვისთვის, რომელიც ვირუსების პერიოდში ხშირად ავადობს, საჭიროა სუფთა ჰაერი და ბალანსირებული კვება. აქ ყველაფერია ამისთვის: პატარებსა და დიდებზე მორგებული მენიუ, საბავშვო მოედნები, კომფორტული გარემო, მომღიმარი პერსონალი… ჩემთვის მზეთამზემ უკვე ჩაანაცვლა სხვა პოპულარული კურორტები“, – განაცხადა ნატო ხარაშვილმა „ფორტუნასთან“.

ამავე აზრზეა მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი, რომელმაც მზეთამზე ორი წლის წინ, მისი მეგობრის თათია სულუაშვილის მეშვეობით აღმოაჩინა.

“ზაფხულში აქ დასვენება ყველა ასპექტში ძალიან კარგია.  ბავშვი ეკოლოგიურ გარემოში, ისვენებს და ერთობა… მშობლებიც არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს. ორი წელია ვისვენებ და მომავალ წელსაც ვაპირებ ჩამოსვლას. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ზამთარშიც, სამსახური რომ მაძლევდეს ამის საშუალებას, მით უმეტეს თუ სასტუმროს დირექტორი თავისი გეგმების განხორციელებას შეძლებს. მანამდე კი ვფიქრობ, ერთი კორპუსის დამატება მოუწევს, ისე გავმრავლდით, ამ კურორტის ერთგული დამსვენებლები”, – განაცხადა ლეკვეიშვილმა “ფორტუნასთან”.

***

სასტუმროში დასვენება წელს ერთ პერსონაზე 70 ლარი ღირს. 3 წლამდე ბავშვების დასვენება კი უფასოა. ამ თანხაში სამჯერადი კვება შედის. რაც შეეხება საკვებს, როგორც სასტუმროს დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ცდილობს, რომ ძირითადად ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქცია გამოიყენოს.

„შვედური მაგიდა გვაქვს, სამჯერადი კვებით. ჩვენ გვაქვს ხორცი. ვზრდით საქონელს და შემდეგ სასაკლაოზე ნორმების დაცვით ვახორციელებთ მის გადამუშავებას“, – აღნიშნა მან.

ეკოსასტუმროში სულ 13 ადგილობრივია დასაქმებული. იმ შემთხვევაში თუ ნონა სააკაშვილის იდეები განხორციელდება, მზეთამზეში, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაისვენებს…

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g