რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს 3 წელი გავიდა.
შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
შოვში მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა.
ტრაგედიის სამი წლისთავზე, სტიქიის დროს გარდაცვლილებთან დაკავშირებით მათი ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში არაერთ პოსტს აქვეყნებენ.
ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მეწყერის დროს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილიც.
„25 წელი ვზრდიდით ერთმანეთს, 25 წელი გვიხაროდა და გვწყინდა ერთად. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით. ბევრს გაწვალებდი და გაბრაზებდი, როცა მეც პატარა ვიყავი. მერე დავმეგობრდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს. მეგონა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა და შენით უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. განგებას ყოველ დღე მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ მყავდი იმედად და საყრდენად. მეამაყებოდა, რომ შენი დედა მერქვა.
ახლა კი გეძებ… გეძებ ყველგან…
გეძებ სიჩუმეში. იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია. შენს ხმას ვუსმენ, თითქოს სადღაც ისევ უნდა გავიგონო.
და ვეძებ საკუთარ თავსაც. ვინ ვარ აღარ ვიცი… რისთვის ვარ, ეგ ხომ საერთოდ ვერ გამიგია…
ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო…“ – წერს შოვის სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურება 2023 წლის 3 აგვისტოს დატრიალდა – კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.
