19 აგვისტოს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემის “წარმატების ფორმულის” სტუმარმა – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და ბიზნეს რეიტინგების კავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაკა კუტუბიძემ საკუთარ კარიერასა და ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომელიც ლიდერ კომპანიებსა და ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ასახელებს.
– მაკა, როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ლიდერის თვისებები?
– ნამდვილად არ ვიცი, შევძელი თუ არა მსგავსი თვისებების საკუთარ თავში აღმოჩენა, რადგან უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე ინგლისური ენის სპეციალობით. მართალია, ძალიან ახალგაზრდამ – 23 წლისამ დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა, მაგრამ სტუდენტები მყავდა ბევრად უფროსი, თუმცა სწორედ მათთან მუშაობა დამეხმარა თვითრწმენის მოპოვებასა და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერებაში. მოგვიანებით კიდევ რამდენჯერმე მოვსინჯე ლექტორობა, თუმცა მივხვდი, რომ ნაკლებად მიზიდავდა პედაგოგიური საქმიანობა.
– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– უამრავი ოცნება მქონდა. ხან მასწავლებლობა მინდოდა, ხან მუსიკოსობა. მართალია, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ საბოლოოდ მუსიკაზეც უარი ვთქვი.
– თქვენი ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოებს ლიდერ კომპანიებსა და წარმატებულ ადამიანებს. როგორც მოახერხეთ პანდემიის ფონზე მეათე და საიუბილეო ცერემონიის ჩვეული გრანდიოზულობით ჩატარება?
– ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია. სწორედ ინტუიტიურად გადავწყვიტე დაჯილდოების სექტემბრის თვეში ანუ შედარებითი სტაბილურობის პერიოდში მოწყობა, რადგან ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომესწრო. მასშტაბურობის მიუხედავად, ღონისძიებამ ყველა რეგულაციის დაცვით ჩაიარა. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც პირბადე გაიკეთა და სწორედ ასე მიმართა ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, რითაც მისი ღიმილი გამოიწვია. სხვათა შორის, ბატონი თენგიზი მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ცერემონიას ყოველ წელს სხვადასხვა ლოკაციაზე ვმართავთ, რადგან ასე უფრო საინტერესოდ გვეჩვენება, თუმცა ბოლო ორი ღონისძიება “ბიოლში” მოვაწყვეთ, რადგან სწორედ იქ იყო უსაფრთხოების ნორმები ყველაზე უკეთ დაცული. აუცილებლად მინდა მივულოცო გამარჯვება რადიო “ფორტუნას”, რომელმაც მართლაც დამსახურებულად მიიღო ჯილდო.
– გამორჩეულ ცერემონიას და ჯილდოს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– 2017 წლიდან, რაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა ჩვენი პარტნიორი, ბიზნეს პროექტებს ხელოვნების სფერო და კიდევ ერთი ჯილდო person history დაემატა, რომელიც იმ პერსონებს გადაეცემათ, ვინც ისტორიული კვალი დატოვა საკუთარი მოღვაწეობით და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყო ხელი საზღვარგარეთ. ვფიქრობ, გამორჩეული და განსაკუთრებით საამაყო პატრიარქისთვის მინიჭებული პრემიაა, რომელიც მას პირადი ავტორიტეტითა და სიბრძნით ერთა შორის მეგობრობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის დაჯილდოების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულმა რვავე ქვეყანამ.
– უამრავ ადამიანს აჯილდოებთ, საინტერესოა, თქვენთვის რა არის მთავარი ჯილდო?
– ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იმ ადამიანების გაბედნიერებაა, ვინც საკუთარი საქმიანობით მართლაც დაიმსახურა აღიარება. მიხარია, როცა ცერემონიის დასრულების შემდეგ მადლობას მიხდიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მართლაც უნაკლოდ და გემოვნებით იყო გაკეთებული. ძალიან მომეწონა ბატონ თენგიზ ცერცვაძის შეფასება, რომელმაც კოლეგა ორგანიზაციებს შორის ყველაზე რეიტინგულად დაგვასახელა.
– თქვენი პრემია უზარმაზარი სტიმულია ბიზნესისა და ბიზნესმენების განვითარებისთვის,
– ჩვენი ჯილდო მხოლოდ ჯილდო არაა, რომელსაც ლაურეატი ღებულობს. ყველა პრემიას დამატებითი ბენეფიტები ახლავს, რადგან მაქსიმალურად ვეხმარებით კომპანიებს ასოციაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებში პარტნიორების მოძიებასა და საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციაში. პანდემიამდე უამრავი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი გვსტუმრობდა, თუმცა წელს მათი რიცხვი ორამდე შემცირდა. იმედი გვაქვს მალე დასრულდება პანდემია და მსოფლიო ისევ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– ჩვენთვის მთავარი სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების გაცნობა, დაახლოება და ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებაა.
– შეგქმნიათ თუ არა როდისმე უხერხულობა სხვა ქვეყნის ბიზნეს ეტიკეტის ან ტრადიციების არ ცოდნის გამო?
– საბედნიეროდ არასდროს, რადგან უცხოეთში ვიზიტამდე დეტალურად ვიკვლევ იმ ქვეყნის ტრადიციებს და ბიზნესის წარმოების სპეციფიკას.
– რა პრინციპით ირჩევთ ბიზნეს პარტნიორებს?
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სანდოობა, ძალიან მიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვის სიტყვასაც ფასი არ აქვს.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– გადაწყვეტილებას ყოველთვის ძალიან სწრაფად ვღებულობ.
ბლიცკითხვები:
– რომელ უცხო ენას ფლობთ?
– რუსულს და ინგლისურს.
– თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში?
– ყოველთვის გულწრფელი ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში და ყოველთვის უპირობოდ ვენდობი მათ. მართალია, ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ სწრაფად ვივიწყებ წყენას.
– საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის?
– ყველაზე კარგად ბუნებაში ვისვენებ, ძალიან მიყვარს ცურვა.
– საყვარელი ბრენდი?
– ძალიან მომწონს Elie Saab. თუმცა, ხშირად მივმართავ ქართველ დიზაინერებსაც, რომელთაც ჩემს მიერ შეძენილი მზა სამოსის კომბინირებით ვთხოვ ერთიანი კოსტიუმის შექმნას.
– საჩუქარი, რომელის მიღება ყოველთვის გახარებთ?
– ჩემი შვილის ნახატები.
– კერძი, რომლითაც აღაფრთოვანებთ ახლობლებს?
– ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს კარბონარა, ამიტომ ნამდვილი იტალიური კარბონარას მომზადება ვისწავლე.
– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?
– რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასი პატრიარქის ნაჩუქარი ბიბლიაა.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– მას, ვისაც წარმატების მიღწევა უნდა, პირველ რიგში სიახლეებისთვის უნდა იყოს მზად, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით და ყოველთვის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ამბიციები, თუმცა ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.