ჭიათურელი მაღაროელები შპს ”ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ოფისთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მაღაროელები ადმინისტრაციისგან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, შრომის უსაფრთხობისთვის საჭირო პირობების შექმნას და ხელფასის მატებას მოითხოვენ.
”არ არსებობს ადმინისტრაციის მხრიდან არც ინდივიდუალური და არც კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება სოციალური შეღავათი. გარდა ამისა, ავად გახდომის შემთხვევაში, მათ არ უნაზღაურდებათ ბიულეტინი. ხელფასები, ლარის გაუფასურების პირობებში, არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ ხელფასის იმ პროცენტით ზრდას, რა პროცენტიც შეადგინა ინფლაციამ. მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელი 6,3% -ია, შესაბამისად სწორედ ამ პროცენტით მოვითხოვთ ანაზღაურების ზრდას”,- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
როგორც მაღაროელები აღნიშნავენ, შრომის უსაფრთხოების პირობების არ არსებობის გამო, სამუშაოზე ხშირია მაღაროელთა გარდაცვალების ფაქტები.