ჩირი ქართველი ადამიანისთვის საყვარელი ნუგბარი რომ არის, ამას არაერთი ლექსი და სიმღერა, განსაკუთრებით კი ახალი წლის სუფრა მოწმობს – მის გარეშე ეს დღესასწაული წარმოუდგენელია. ბოლო პერიოდში საქართველოში ჩირის მწარმოებელი კომპანიები მომრავლდნენ, მაგრამ მათ შორის მოწინავე პოზიციას უკვე წლებია, რაც „ჩიკორი“ ინარჩუნებს. ეს არის ბრენდი, რომელიც ქართული ხილის ბაღებიდან მოწეული ნედლეულით ამზადებს ნატურალურ და არაჯანსაღი დანამატებისგან თავისუფალ ხილის პროდუქტებს.
ანანო ბეჟანიშვილი, ჩირის მწარმოებელი ქართული კომპანიის „ჩიკორის“ დამფუძნებელი:
– „ჩიკორი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. თავიდან, როდესაც წარმოება დავიწყეთ, გვინდოდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ჰიგიენური ნორმების დაცვით წარმოებული, შეფუთული, ბრენდირებული ქართული ჩირი. პირველი პროდუქტი, რომელიც ვაწარმოეთ, ქლიავის ჩირი იყო, ის ქართველმა მომხმარებელმა მალევე ძალიან შეიყვარა და მოგვცა იმისი მოტივაცია, რომ სხვა მსგავსი პროდუქტიც გამოგვეშვა. ჩვენი წარმოება დაფინანსებული იყო სოფლის განვითარების სააგენტოს (Rural Development Agency) მიერ, რისი საშუალებით შევძელით აგვეშენებინა საწარმო, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს. წლების განმავლობაში დავხვეწეთ ჩირის წარმოების სტანდარტები და გავზარდეთ ჩვენი პროდუქტების რიცხვი.
– ანანო, რას ნიშნავს ჩირის წარმოების სტანდარტების დახვეწა, ვიღაც იტყვის, ჩირის დამზადებას რა უნდაო…
– დიახ, შორიდან მართლაც ასე ჩანს – ჩირი ხილის შრობით მიიღება, თუმცა როდესაც ამ საქმეს ჩავუღრმავდით, აღმოჩნდა, რომ ჩირის წარმოებას საკმაოდ სპეციფიკური სტანდარტები აქვს, შესაბამისად, დაგვჭირდა უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება – ჩვენი თანამშრომლები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი დაგვეახლოვებინა ევროპული, საერთაშორისო სტანდარტებისთვის და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობს.
– ქლიავის ჩირის წარმოებით დავიწყეთო, აღნიშნეთ და დღეს რამდენი სახეობის ჩირის მიწოდება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის?
– ქლიავის ჩირით იმიტომ დავიწყეთ, რომ საწარმო ქარელში გვაქვს. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის რაიონი მდიდარია ქლიავის ბაღებით, შესაბამისად, ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებდით. მას შემდეგ რაც პირველ წარმატებას მივაღწიეთ, ასორტიმენტი გავაფართოვეთ. დღეს 20-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ, გვაქვს სხვადასხვა საპროდუქტე ხაზი, როგორიცაა მცირე შეფუთვაში ჯანსაღი ხემსის მიმართულება, რომელიც აერთიანებს ხურმის, ქლიავის, ვაშლის ჩირს, ვაშლის ჩიფსს. გვაქვს საბავშვო მიმართულებაც – ემილიასთან ერთად ბავშვებს ჩვენს პროდუქციას ვთავაზობთ, გვინდა, რომ ისინი ჯანსაღი ხემსის მიღებას მივაჩვიოთ, ვფიქრობ, რომ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. წელს ახალი საპროდუქტე ხაზიც დავამატეთ, ეს არის ჯანსაღი ხემსის მიმართულება – თხილის და ჩირის მიქსები, რომლებიც დაკავებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც დღის მანძილზე სადილობას ვერ ახერხებენ, დღიური ჯანსაღი ცხიმების, კალორიების და მიკროელემენტების ნორმის მიღების საშუალებას წარმოადგენენ. ასორტიმენტში გვაქვს ქიშმიშის და თხილის, ხურმის ჩირის და ნუშის, ვაშლის ჩირის და ნიგვზის ნარევი.
– „ჩიკორის“ რომელი პროდუქტი სარგებლობს ყველაზე დიდი მოწონებით?
– ქართველ მომხმარებელს ქლიავის ჩირი განსაკუთრებულად უყვარს, ასევე ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, შოკოლადში ამოვლებული ჩირები, როგორც შინ მისართმევად, ისე სასაჩუქრედ.
– ბაზარზე კონკურენციას როგორ უმკლავდებით, რა გაძლევთ ლიდერის პოზიციის შენარჩუნების საშუალებას?
– საქართველოს ბაზარზე ჩირის მოხმარება ბოლო პერიოდში გაიზარდა, შესაბამისად, გამოჩნდნენ ჩირის სხვა ქართველი მწარმოებლებიც, რაც რეალურად ძალიან გვახარებს, რადგან კონკურენცია ნიშნავს იმას, რომ იზრდება ხარისხი და მრავალფეროვნდება პროდუქცია. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენი მთავარი კოზირი, ალბათ, გამოცდილებაა, დიდი ხანია ამ ბიზნესში ვართ, უკეთესად ვიცნობთ როგორც ტექნოლოგიებს, ისე გაყიდვის არხებს. ჩვენი პროდუქტი შეგიძლიათ იპოვოთ ქსელურ მაღაზიებში, გვაქვს ონლაინ მაღაზიაც, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას ეკონომ ფასად ყიდულობს.
– 2023 წელი რომ შევაჯამოთ, რა თვალსაზრისით იყო ის თქვენთვის გამორჩეული?
– ეს წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით (მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია ძირითადად ევროპის ბაზარზე გაგვაქვს) – ჩვენი საექსპორტო მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა ადგილობრივ გაყიდვებს. ამჟამად ოკეანის გადალახვა გვაქვს მიზნად დასახული, უკვე გავიარეთ რეგისტრაცია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოში (FDA), რაც აუცილებელი პირობაა აშშ-ის ბაზარზე მოსახვედრად. გარდა ამისა, განვახორციელეთ პროდუქციის რებრენდინგი და 2024 წლის იანვრიდან მომხმარებელს უფრო დახვეწილ და ახალ შეფუთვას შევთავაზებთ. ასევე დავამატებ, რომ ჩვენ მუდამ ექსპერიმენტებში ვართ, ვცდილობთ, მსოფლიოში არსებული ტენდენციები გადმოვიღოთ და მომხმარებელს ახალ-ახალი და ჯანსაღი პროდუქტი შევთავაზოთ.