LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევა მეექვსე წელია აკრძალულია – როგორია თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგები

162
ფორტუნა - 2023-04-30T161645.575

ხუთი წელი სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებიდან. 2018 წლის პირველი მაისიდან, საქართველოში, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში თამბაქოს ყველანაირი ნაწარმის მოწევა აიკრძალა.

ამ დროისთვის თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგებით დახურულ სივრცეში მოწევის რეგულაციები 96% სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, ვლინდება დარღვევებიც.

„მოწევის წესის დარღვევის მიზეზი ძირითადად ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის მოხმარებაა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში მოწევის რეგულაციები, უფრო იმ სამასპინძლო დაწესებულებებში დაირღვა, სადაც სხვა მომსახურებასთან ერთად ჩილიმსაც სთავაზობენ. თამბაქოს კონტროლის კანონით ჩილიმის მოხმარება მხოლოდ ღია სივრცეში შეიძლება, დახურულ სივრცეში ჩილიმის მოწევა მეექვსე წელია აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა ბათუმში და ზოგადად აჭარის რეგიონში, სადაც რუსულენოვანი მეპატრონეების კუთვნილ კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევის წესებს უგულებელყოფენ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აჭარის რეგიონში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი გაძლიერებას საჭიროებს. ასევე რეგულარულ ტრენინგებს საჭიროებენ საპატრულო პოლიციის დანაყოფები, რომელთა ვალდებულებაც არის დახურულ სივრცეში მოწევის რეგულაციების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება. საპატრულო პოლიციაში როტაციისა და საკადრო ცვლილებების გამო, არ კმარა წინა წლებში ჩატარებული ტრენინგები. კანონის რეგულაციების აღსრულების თავისებურებების შესახებ საჭიროა პოლიციელების მუდმივი ინფორმაციული უზრუნველყოფა.

სამწუხაროდ, მოსახლეობა კვლავაც ვერ მიეჩვია, რომ მოწევის წესების დარღვევის ფაქტი 112-ის საშუალებით საპატრულო პოლიციას შეატყობინონ. დარღვევებზე რეაგირება უმეტეს შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის შეტყობინებების საფუძველზე ხდება.

ხშირად გვიწევს შეხსენება, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში, თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩავარდნილმა სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას უნდა უზრუნველყოფდეს, მოსახლეობაში ინფორმაციული ვაკუუმი შექნა.

კანონი არ არის ის, რაც ზედმიწევნით ყველას და ყოველთვის შეიძლება ახსოვდეს, საჭიროა რეგულაციების შესახებ მუდმივი შეხსენება. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას უქადის ადამიანის ჯანმრთელობას ბაზარზე მომძლავრებული თამბაქოს ახალი პროდუქტები (ელ-სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ა.შ.) რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ და რა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც მოზარდებში თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად“. – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები