საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა ქართულ მხარეს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო სამეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ესაუბრა და აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
“ელჩმა ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო და განმარტა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია”, – ნათქვამია უწყების გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ხვალიდან კორონავირუსის გამოვლენა საქართველოშიც შესაძლებელი იქნება
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.