ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ჩინეთში ქართული მუზეუმი გაიხსნება. იგეგმება ქართული ღვინის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაც.
ჩინეთსა და საქართველოს შორის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობის საკითხები ქართულმა და ჩინურმა მხარეებმა განიხილეს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ. ჩინეთის მხრიდან კი -ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური დირექტორი ჩაო კაილონგი და აზიის მეღვინეობის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომი ლემი.
ჩაო კაილონგის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის ერთობლივი სურვილი გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ერთობლივ სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ღვინის ეროვნულ სააგენტოში სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი სამანიშვილთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.