თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გააფორმეს. ღვინო ჩინეთში, ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.
„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან “თბილინვესტჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია.
”თბილინვესტჯგუფის” ხელმძღვანელის დავით ებრალიძის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 ასეთი სახლის გახსნას და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანას გეგმავენ.
პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს.
”ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალრი საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან. ამ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია “მადლობა” კონტრაქტული წარმოების პრინციპით ღვინოს ოთხ ქარხანაში ამზადებს -„მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გიუაანი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – აცხადებს დავით ებრალიძე.
კომპანია „სუოლუნს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთში შიაოჯუნ იი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს საქართველო და გაეცნოს 8000 წლიან ღვინის კულტურას.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს ხანში საქართველოში იგეგმება მხატვრული ფილმის გადაღება, რომელშიც ჩინეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი “გადაიღე საქართველოში” პროგრამით ისარგებლებს და მისი ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარია.