LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ევროპაში გაყიდვებით იაპონურ ბრენდებს პირველად გადაასწრეს

115
ქირიას NEWS შაბლონი

2026 წლის მაისში, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებით იაპონურ ბრენდებს გადაასწრეს. ამის შესახებ Nikkei Asia ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ეს შედეგი მიღწეულია მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე 45.3%-მდე საიმპორტო ტარიფები დააწესა.

მაისში ჩინური ბრენდების – BYD, SAIC, Geely, Chery და Leapmotor, საერთო გაყიდვები 65%-ით გაიზარდა და 138 410 ავტომობილს მიაღწია.

ამავე პერიოდში იაპონური კომპანიების – Toyota, Honda, Nissan, Suzuki, Mazda და Mitsubishi, გაყიდვები 3%-ით შემცირდა და 130 424 ერთეული შეადგინა.

ყველაზე სტაბილური ზრდა ევროპაში SAIC-მა აჩვენა, რომლის გაყიდვები ზედიზედ 17 თვის განმავლობაში იზრდებოდა. BYD, რომელიც ACEA-ს სტატისტიკაში მხოლოდ 2025 წლის ივლისიდან მოხვდა, გაყიდვების ზრდას უკვე 11 თვეა ინარჩუნებს.

შედარებისთვის, Nissan-მა ზრდა მხოლოდ ორ თვეში დააფიქსირა, Suzuki-მ – ხუთში, ხოლო Mazda-მ – შვიდ თვეში.

ჩინური ბრენდების წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი BYD-ს მიუძღვის. კომპანიის ზრდას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა და შედარებით ხელმისაწვდომმა მოდელებმა, რომლებიც ევროკავშირის მაღალი ტარიფების მიუხედავად კონკურენტულ ფასებს ინარჩუნებენ.

მაგალითად, გერმანიაში BYD Dolphin-ის საწყისი ფასი 26 990 ევროა, რაც ანალოგიური მახასიათებლების მქონე Renault 5 E-Tech-ზე დაახლოებით 3%-ით იაფია.

შედეგად, BYD-ის წილი გერმანიის ავტობაზარზე ერთ წელიწადში სამჯერ მეტით გაიზარდა და 2.6%-ს მიაღწია. დიდ ბრიტანეთში ჩინური ბრენდების წილი უკვე 10%-ია, ხოლო ნორვეგიაში – 14%.

საკონსულტაციო სააგენტოების პროგნოზით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2031 წლისთვის ჩინური ავტომობილების გაყიდვები ევროპაში 2.3 მილიონ ერთეულს მიაღწევს, ხოლო ჩინური ბრენდების საბაზრო წილი რეგიონში 17%-მდე გაიზრდება.