შპს ”ჩირიფრუტმა” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა და შოკოლადის ჩურჩხელებისა და სტაფილოს ცუკატების წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, სტაფილოს ცუკატები ქართულ ბაზარზე ინოვაციაა და მას ”ჩირიფრუტი” საკუთარი რეცეპტით და ტექნოლოგიით ამზადებს.
”გარდა ძირითადი პროდუქციისა, რომლითაც ბაზარზე გამოვჩნდით- ანუ სხვადასხვა სახეობის ჩირებისა, გვაქვს ჩვენი ინოვაციური პროდუქციაც. ესენია: გოგრის ტყლაპი, ასევე სტაფილოსა და ფორთხოლის ცუკატები. აღნიშნულ ცუკატებს ვავლებთ შოკოლადშიც”,- აღნიშნა ჯიქიამ.
მისივე ინფორმაციით, ”ჩირიფრუტის” პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე, ძირითადად, თბილისის მასშტაბით ხორციელდება. ”სამწუხაროდ, ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი არ გვაქვს, შესაბამისად, ტრანსპორტირება ჭირს. ამიტომაც, თბილისის დიდ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჩირები შევიტანეთ ”მაწვნის სახლში ალავერდთან”, ასევე ბორჯომში სასტუმრო ”რიქსოსში”- განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის) , ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის) , ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს.