ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციურ პარტიებში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება თანამდებობის დანაწილებად გაასაღოს- ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიულ პროცესის შემადგენელი ნაწილია
“ჩვენ არ ვინაწილებთ არანაირ თანამდებობებს, ამ საკითხს ვიხილავთ როგორც საარჩევნო სტრატეგიას უკეთესი შედეგის მიღწევისთვის. ჩვენთვის მაჟორიტარობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, დახარჯული უფრო მეტი დრო, უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი.ამ პროცესში აზრთა სხვადასხვაობა კარგია, ეს მიუთითებს პროცესების დემოკრეატიულობასა და გამჭვირვალობაზე. ჩემი პრინციპია, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საერთო , უკეთესი შედეგის მიღწევის ამოცანიდან გამომდინარე. თუ ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა, ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რეიტინგული კვლევა.
მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რესპუბლიკურ პარტიას ან სხვა ნებისმიერ პარტიას, არამედ ის, თუ რა უფრო უკეთესია მეტი შედეგის მიღწევისა და გამარჯვებისთვის. ” – აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ თუ ვინმე ამ პროცესის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და მეტი სარგებლის მიღებას შეეცდება, საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს და ყველაფერს “თავისი სახელი დაერქმევა.”
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების მცდელობას.