პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ონისა და ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით, 10 135 მოქალაქის პეტიციის შესაბამისი სამინისტროსთვის გადაგზავნას მხარი დაუჭირა.
პეტიცია კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. მოხსენების დასრულების შემდეგ კი, კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტს აღნიშნული საკითხების თავად შესწავლის რესურსი არ აქვს და პეტიციას საპასუხოდ შესაბამის სამინისტროს გადაუგზავნიან.
„ჩვენ ამ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მივიჩნევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტს იმის რესურსი, რომ შესასწავლად დაიტოვოს არ აქვს და იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც ბატონ ვარლამს ჰქონდა წარმოდგენილი, მინდა შესაბამისს სამინისტროებს ვთხოვო, გადავუგზავნოთ პეტიცია ამ საკითხებზე საპასუხოდ.”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, ონისა და ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით 10 135 მოქალაქის მოთხოვნების ტექსტში ნათქვამია:
► შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;
► დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
► საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;
► გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს: EMC