უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება შეძლო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალიჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის განუცხადა.
„ჩვენ შევძელით სიტუაციის დასტაბილურება. ის რთული, დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება. თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის М142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც დამიზნებულ დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებზე, საბრძოლო აღჭურვილობისა და საწვავის საწყობებზე“, – აღნიშნავს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მან ამერიკელ კოლეგას ოპერატიული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ზალუჟნიმ აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ მან და მარკ მილიმ უკრაინული მხარის საჭიროებები განიხილეს.