შერიგება, შეთანხმება, მოლაპარაკება, ეროვნული თანხმობა – ბოლო დღეებია ეს სიტყვები ყველაზე ხშირად გვესმის პოლიტიკოსებისგან, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის აქედან რა გამოვა და როგორ, რა შედეგს მოიტანს, ან მოიტანს თუ არა საერთოდ, უბრალოდ პროცესის დაწყება მოსწონთ და თვლიან, რომ ეს უკვე პოზიტიური ნაბიჯია.
ნაწილობრივი სკეპტიციზმის მიუხედავად, ფაქტია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ასე თუ ისე მიღებულია, მიმდინარეობს პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები და არსებობს იმედი, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ.
ერთია, რას ვისმენთ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, საკუთარ პირობებს აყენებენ და მოლოდინებსაც ამაზე დაყრდნობით ქმნიან, მეორეა – როგორ ჩანს პროცესი გარედან, პოლიტოლოგების თვალით, რა დასკვნას აკეთებენ და რა მოლოდინი აქვთ, რა გარანტია არსებობს შეთანხმების შემთხვევაშიც, რომ მერე ხელისუფლება არ იტყვის უარს, ვის რა მოტივი და ამოცანები ამოძრავებს – რეალობის უკეთ აღსაქმელად აზრი სწორედ ექსპერტებს ვკითხეთ, მაგრამ ჯერ მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას.

როგორ დაიწყო ყველაფერი
ნებისმიერ პოლიტიკოსს რომ ჰკითხო, შერიგების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან საერთაშორისო სამიტზე გააჟღერა, სინამდვილეში კი იდეა უფრო ადრე გაჩნდა. სიტყვა შერიგება პირველად მეუფე ნიკოლოზმა მაშინ თქვა, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეში მოინახულა. მაშინ სასულიერო პირი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე სწორედ შერიგებასა და მიტევებაზე ისაუბრა.
აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, მივიდეს, უბრალოდ ვიფიქროთ შერიგებაზე: მეუფე ნიკოლოზი
მიტროპოლიტის თქმით დღეს ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა, რადგან ეს ერთადერთი გამოსვალია.
ამას თავად მესამე პრეზიდენტის გამოხმაურება მოჰყვა და ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასევე შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მოგვიანებით კი, დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებდა საუბარს ეროვნული მასშტაბით, სადაც მთელი საზოგადოება ჩაერთვებოდა, რათა მიეღწიათ უახლესი ისტორიის საერთო აღქმისთვის და წინ წასულიყვნენ.
მაშინ პრეზიდენტის ეს ინიციატივა ოპოზიციამაც და ექსპერტებმაც მოიწონეს, ნაწილმა თქვა, რომ ეს არ იყო მისი პირადი აზრი და ვარაუდობდნენ, რომ ის „ვაშინგტონიდან აიძულეს“.

ვინ რისთვის ხვდება პრეზიდენტს
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯერ გადაწყვიტა ყველა პარტია საახალწლო მიღებაზე მიეწვია და მათთან მოლაპარაკებები გამართა. ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ზოგადად ინიციატივა მათთვის მისაღებია და პროცესში მოგვიანებით, ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში ჩაერთო.
ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე: ნუ გექნებათ იმის აღქმა, რომ ეს პროცესი მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად - საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენაა
ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ან რაიმე ტიპის შეთანხმება შედგება, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიზისს განმუხტავს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შეხვედრების შემდეგ, მხოლოდ ზოგადი განცხადებები გაკეთდა და ითქვა, რომ შერიგებას, შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამომავლო შედეგების პროგნოზირება უჭირთ.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი შიმშილობა დაიწყო და სათავო ოფისთან კარვები გაშალა, გაჩნდა კითხვა, რამდენად შეუშლის ეს პროცესს ხელს და ხომ არ დააზიანებს მოლაპარაკებებს. თავად პარტიაში ამბობენ, რომ – არა. მიზნის მისაღწევად, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
მთავარი საკითხები, რასაც ოპოზიცია პრეზიდენტთან განიხილავს, პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლოს რეფორმა და საარჩევნო სისტემაა.

რა იქნება პრეზიდენტთან სიარულის შედეგი
პოლიტიკოსების განცხადებებს და შემდეგ ექსპერტების ანალიზს თუ შევადარებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ანალიტიკოსები უფრო იმედიანად არიან განწყობილები. ხვალ და ზეგ კონკრეტულ შედეგს არ ელიან, თუმცა ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესი შედეგს გამოიღებს.
სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ჯერ ვერ ხედავს, რაიმე დადებით და კონკრეტულ შედეგს, თუმცა საერთო ჯამში მაინც პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
„როცა დაპირისპირებული ძალები უცხოელი მედიატორების გარეშე ერთმანეთს ელაპარაკებიან, უკვე დადებითია, შედეგი – აქედან რა გამოვა, დამოკიდებული იქნება, ხელისუფლება რას იზამს. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ვართ მძიმე კრიზისში და ასე გაგრძელება არ შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ამას არ აღიარებს. გულში ივანიშვილი რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილი ამბობს რაიმეს კრიზისზე ? იმისთვის, რომ ეროვნული თანხმობა შედგეს, ყველა მხარემ უნდა აღიაროს , მათ შორის ხელისუფლებამ.
ახლა კითხვაა, რა უნდა იყოს, რამ უნდა აიძულოს მმართველი გუნდი, რომ აღიაროს ეს კრიზისი
სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ: კელი დეგნანი
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის.
ოპოზიციამ და იმ საზოგადოებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია, უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ დაინახოს ეს კრიზისი. ბევრი სხვადასხვა საშუალებაა. შეიძლება იყოს ქუჩის აქცია, პროტესტი საკრებულოში, პარლამენტში.
მთავარია, რომ კრიზისი საკუთარ თავზე და კანზე უნდა იგრძნოს ხელისუფლებამ, როცა ამას იგრძნობს და გაუჭირდება მართვა, მერე უკვე ეროვნულ შერიგებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს რუხაძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიურობა, რომ მერე გვიან არ იყოს და ხელი მხოლოდ დასავლეთისკენ არ უნდა გავიშვიროთ.
„საქართველოში დემოკრატია კი არაა ავტორიტარული ელემენტებით, პირიქით, ეს არის ავტორიტარულ ქვეყანა დემოკრატიის ელემენტებით. თუ ჩვენ ვერ შევცვალეთ ახლა რაიმე, გარდატეხა თუ არ მოხდა, მერე ეს დემოკრატიის ელემენტებიც, რომელიც არის ოპოზიციის სახით, კრიტიკული მედიის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, აღარ იქნება.
ცოტა ხნის წინ ნავალნის ქალიშვილი გამოვიდა სიტყვით ევროპარლამენტში, შთამბეჭდავი სიტყვა იყო, საინტერესო, მაგრამ მე დამაკლდა ერთი რამ, მხოლოდ დასავლეთისკენ იყო ხელის გაშვერა, ერთი არ თქმულა, რომ თვითონ რუსეთში, როცა პუტინის მონსტრად გადაქცევის პროცესი მიმდინარეობდა, იმ საზოგადოებამ რა გააკეთა, გამოვიდა თუ არა თავისი კომფორტის ზონიდან. ელემენტარული იყო საჭირო, პატარა ადამიანობიდან და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რუსეთმა და ბელორუსმა ეს მომენტი დიდი ხნის წინ გაუშვა. ჩვენ თუ ახლა ეს მომენტი გავუშვით, მერე გვიან იქნება“- ამბობს გიორგი რუხაძე.
პრეზიდენტთან შეხვედრები ჯერ ისევ გრძელდება. ერთი რაც ვიცით ისაა, რომ პროცესი გრძელვადიანია და კონკრეტული შედეგი ხვალ და ზეგ არ იქნება.
