LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვიცით, თუ რა გვინდა ბავშვებს ვასწავლოთ” – როგორი იქნება “გირჩის” სტანდარტების სკოლა

50110625_2028287460601485_2285306129166630912_n

სკოლა, რომელიც ფუნქციონირებას კანონდარღვევით დაიწყებს. „გირჩი“ კიდევ ერთი აკრძალული საქმიანობის განხორციელებას აპირებს – გაიხსნება საშუალო სკოლა, რომელიც საქართველოში არსებული საგანმანათლებლო მოდელის ჩანაცვლებას ეცდება.

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს მოზარდის რეალური ცხოვრებისთვის მომზადებას. „გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, მათ სკოლაში აღზრდილი ბავშვები, არსებულ შრომის ბაზარს მარტივად, სკოლის დამთავრებისთანავე მოერგებიან, სკოლაში კი, ისინი ბედნიერები იქნებიან და მაქსიმალურად მათ ინტერესებზე მორგებული გეგმით გაიზრდებიან.

  • საიდან გაჩნდა სკოლის გახსნის იდეა?

იდეა ყოველთვის გვქონდა. მე მინდოდა, რომ გაგვეკეთებინა სკოლა, სადაც იგივე რაღაცეებს ვასწავლიდით, რისიც გვჯერა. ეს იდეა ბიზნესის მოდელშიც ჯდება. პირველ სკოლას გავაკეთებთ სატესტოდ, თუ ის გაამართლებს, რატომაც არ უნდა გავაკეთოთ ქსელი?

  • იქნება თუ არა ეს სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, გაიზიარებს სასწავლო გეგმას?

ვერ იქნება. ამაზე უნდა იმსჯელონ საზოგადოებაში. კანონით მსგავსი რამ აკრძალულია. შეიძლება ასეთი რამ აკრძალული იყოს? ხომ აბსურდია?

მე მგონია, რომ ეს საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდება, ვიდრე ბავშვები კონკრეტულ შენობაში დაიწყებენ სიარულს. პროცესში, სხვადასხვა საკითხები და კითხვები წამოიჭრება, რომლებზეც პასუხი იქნება საინტერესო.

  • რას ისწავლიან “გირჩის” სკოლაში?

სკოლა ხომ იმისთვისაა, რომ ბავშვი რაღაც მომენტში იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. მთელი აზრი განათლების ესაა. შეიძლება ითქვას, რომ ოცნების ასრულება გვინდა. როგორც წარმოგვიდგენია, თუ როგორი ადამიანები უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, აი ამის განხორციელება გვინდა.

  • რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, ვინ ასწავლის ბავშვებს ამ ყველაფერს?

ჩვენ ვიცით, თუ რა გვინდა რომ ბავშვებს ვასწავლოთ, შესაბამისად, ამის ფარგლებში ვეძებთ ადამიანებს. ორ რამეზე უნდა შეუქმნას წარმოდგენა ბავშვებს: ერთი, როგორია მათ გარშემო მატერიალური გარემო და მეორე, რა საზოგადოებაში ცხოვრობენ. ეს ორი საკითხია, რომელიც გვინდა, რომ ბავშვებმა გაიგონ. ამისთვის საკმარისია ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა და მეცნიერებები.

თუ დღევანდელ სკოლებში სავალდებულოა ხატვა, მუსიკა, გეოგრაფია და ათასი სისულელე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენი აკადემიური ნაწილი ბევრად უფრო მარტივი და გასაგებია.

ადამიანები მოდიან, რომლებიც სასწაულ რაღაცეებს გვთავაზობენ, რომ შეუძლიათ ასწავლონ ბავშვებს. ძალიან გამოყენებადი და მნიშვნელოვანი “საგნები”. მაგალითაც, ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს კომპიუტერული მეცნიერების დარგში. ეს ჩემი აზრით, დამატებითი მომსახურება უნდა იყოს.

ამ სკოლაში მშობლებს მრავალფეროვანი არჩევანი უნდა მივცეთ. შესაძლებელი იქნება მხოლოდ აკადემიური ნაწილის მიღება, ხოლო, ვისაც ენდომება ბავშვი უფრო დიდი დროით მოგვაბაროს, რაშიც აკადემიური ნაწილიც უნდა შევიდეს და ბევრი სხვა უნარების განვითარება, ამ შემთხვევაში, შესაბამისი იქნება ღირებულებაც.

  • როგორ დაჯგუფდებიან ბავშვები? ისე როგორც არსებულ სკოლებშია?

კლასები ჩვენთან არ იქნება. არ ვაპირებთ წლოვანების მიხედვით, მექანიკურად დავაჯგუფოთ ბავშვები. უნარების, ინტერესების მიხედვით დავაჯგუფებთ. სინამდვილეში, რაც აკრძალულია დღევანდელ სისტემაში, იმ ყველაფერს გავაკეთებთ. შევხედავთ და თუ დავინახავთ, რომ ბავშვების რაღაც ჯგუფს ტექნიკური საკითხები უფრო აინტერესებთ და უფრო ერთობიან, როცა რობოტს აწყობენ, მათ ერთად დავაჯგუფებთ, შეიძლება ბავშვების მეორე ნაწილს სპექტაკლის დადგმა მოსწონდეს… არ დავაძალებთ, რომ ერთმა მეორე გააკეთოს და მეორემ პირველი, რაც მასიურად ხდება ჩვენს სისტემაში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ასეთი გიჟური წესრიგი გვაქვს.

  • როგორ მოერგებიან „გირჩის“ სკოლის ბავშვები იმ დაწესებულებებს და სისტემას, რაც დახვდებათ ამ ეტაპის გავლის შემდეგ?

ერთი ის მომენტია, რომ ჩემ შვილს არ მგონია, მსგავსი სკოლის დასრულების შემდეგ, მოუნდეს ქართულ უმაღლესში ჩაბარება. ეს ფაქტობრივად, სკოლის ჩავარდნა იქნება. მეორე, თუ ერთეულ შემთხვევაში, ასეთი სურვილი გაუჩნდა ჩვენს მოსწავლეს, არსებობს გზა – ექსტერნების ჩაბარება. შეგიძლია, რომ ამ სისტემით მიხვიდე ეროვნულ გამოცდებამდე, რაც სიგიჟეა…

სიგიჟეა ეს სისტემა, რომ ეროვნულ გამოცდებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია მიხვიდე, თუ დაასრულე განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სკოლა. იქნებ ამ გამოცდებს ისედაც ვაბარებ?

ანტიკონსტიტუციურია ეს ყველაფერი, ვაპირებთ, რომ ვუჩივლოთ ამის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში.

რაც შეეხება ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, იდეაში ისინი ან წავლენ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად ან დაიწყებენ პირდაპირ მუშაობას. ჩვენი მიზანიც ესაა, რომ ბავშვებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ სკოლაშივე დაიწყონ მუშაობა.

  • რა ეღირება სწავლა “გირჩის” სკოლაში?

რაციონალურად ობიექტურად დათვლადი რომ იყოს ჩვენი საგანმანათლებლო სერვისი, ამის აწყობას და ამ ტიპის ფინანსური მოდელის შექმნას ვფიქრობთ.

ფასი დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, მაგალითად, სად განთავსდება შენობა – რაიონში თუ თბილისში. კაპიტალის ფასი სხვადასხვაა ჩვენთან. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის.

გასაგებია, რომ ეს ვერ იქნება, უზარმაზარი დაფინანსების მქონე საჯარო სკოლების სისტემა, რომელიც არის პირდაპირი კონკურენტი. სანამ ეს სისტემა არსებობს, მანამდე ჩვენი სკოლის მსგავსი დაწესებულება ვერ გახდება მასიური, იმხელა ფული აქვს განათლებაში სახელმწიფოს ჩაყრილი. თუ ეს შეწყდება, თუ ჩვენ ვაჩვენებთ ამ ტიპის განათლების უპირატესობას, როგორც მინიმუმ, გამოვიწვევთ იმას, რომ სახელმწიფო დაფიქრდება – იქნებ, ის სიგიჟე, რასაც ვაკეთებთ, შევწყვიტოთ.

  • რატომ ფიქრობთ, რომ განათლების დაფინანსება არის ჩაყრილი ფული?

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი სასკოლო სისტემა, რეალური ცხოვრებისთვის ამზადებს განათლებულ ადამიანს? სუბიექტური შეფასება იქნება თუ პიზას ტესტი, რომელიც OECD-ის ქვეყნებში ტარდება, ნებისმიერი გაგებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ განათლების კუთხით. ამაზე უკვე კამათი აღარ არის. მიზეზებზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ ის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ამაზე მგონი, ყველა ვთანხმდებით.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ არსებული საგანმანათლებლო სისტემა, ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს იმ სახის სკოლებით, რასაც თქვენ სთავაზობთ?

მე ვამბობ, რომ არ შეიძლება, მხოლოდ ერთი სისტემა იყოს ქვეყანაში და სხვა ყველაფერი იკრძალებოდეს. ჩვენ ვაკეთებთ პირველ პრეცედენტს, რომ მოდი, სხვანაირადაც შეიძლებოდეს ბავშვების აღზრდა. მაგალითად, რელიგიურ ჯგუფებს ხომ არ შეიძლება აკრძალული ჰქონდეს, აღზარდონ თავიანთი შვილები ისე, როგორც მათ სურთ, ისე როგორც მათ წარმოუდგენიათ. მე არ მესმის ასეთი აკრძალვის.

მგონია, რომ უამრავი დაინტერესებული ჯგუფი გამოჩნდება, რომელიც გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა ისეთი განათლება მიიღოს, რომელიც არც მე მომწონს და არც სხვას. შესაბამისად, მე იმ ადამიანის მხარესაც ვარ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს – ჩვენ, მშობლები, თვითონვე ვწყვეტთ როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები.

  • სწავლა რამდენ ხანს გაგრძელდება სკოლაში?

ჩვენ ხომ მათ რაღაც უნარები უნდა განვუვითაროთ? ზოგი მოახერხებს ამის განვითარებას 16 წლის ასაკში, ზოგი 19 წლის ასაკში, ვიღაცამ შეიძლება უფრო მალე დაასრულოს. ყველას ექნება განვითარების საკუთარი ტემპი. ჩვენ არ ვიღებთ მაღალ კლასელებს. პატარა ბავშვები, რომლებიც ჩვენთან გაიზრდებიან, სკოლიდანვე დაიწყებენ მუშაობას, აბა რისთვის ამზადებს სკოლა?

  • შრომის ბაზარი რამდენად არის მზად იმისთვის, რომ სკოლიდან მიიღოს ბავშვები?

იცით რა? შრომის ბაზარს სჭირდება კვალიფიკაცია, რომელიც ფიზიკურად არ არის. თუ ჩვენ მოვამზადებთ ბავშვს, რომელსაც ასეთი კვალიფიკაცია ექნება, შრომის ბაზარი იქნება ბედნიერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g