საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება.
“ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ”,-განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციის თანახმად, დეკლარაციაში ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.
„ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება, ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე, ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება ნატო-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები”, – განაცხადა ზალკალიანმა.