წინა ხელისუფლებების შედეგი იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ასევე რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. კომუნალური მომსახურება ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ხელში იყო 2012 წლამდე. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა – ეს იყო მათი პოლიტიკა, – ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ “იმედის” ეთერში გააკეთა და ოკუპაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე “ბორდერიზაცია” იმ საზღვრებს მიუყვება, რომელიც ავტონომიური ოლქის სახით წინა ხელისუფლებამ აღადგინა.
“მათი ხელისუფლების პირობებში ოთხმა სახელმწიფომ აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა აფხაზეთის და ე.წ. სამხერეთ ოსეთის. ეს იყო მათი პოლიტიკის შედეგები. ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, არავითარი წინსვლა ტერიტორიების კუთხით [არ ყოფილა], იყო ერთადერთი ბორდერიზაციის პრობლემა და ესეც არის მათი მემკვიდრეობა.
ეს ე.წ. სამხერეთ ოსეთის საზღვრებიც სწორედ მათ აღადგინეს – სააკაშვილმა მოაწერა ხელი ამ კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები.
ოფიციალურად აღიარა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს საზღვრები. ეს ბორდერიზაცია ზუსტად იმ საზღვრებს მიჰყვება და ესეც არის მათი მემკვიდრეობა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ და ხნულების გავლება დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქმედება უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებად შეაფასა.