“სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევდა და ახლაც გვიხდება, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს, ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, 2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის. პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი და ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
“პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქციამოვალეობები. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.
„კოვიდის“ გავრცელების და თანამშრომელთა დასნებოვნების საშიშროების მიუხედავად, სამუშაო არ შეფერხებულა არც ერთი წუთით. გამოწვევებს სათანადოდ პასუხობდა ყველა” – თქვა ვახტანგ გომელაურმა.