12 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ნიკორა ტრეიდის“ გენერალური დირექტორი დავით ურუშაძე სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება დავითმა „ბაზის ბანკში“ შეიძინა. 2012 წელს „ნიკორას“ ფინანსური დირექტორი გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ჩაიბარა, დღეს კი, კომპანიის გენერალური დირექტორია.
– დავით, როგორ ახერხებთ ძლიერი და სტაბილური კომპანიის შენარჩუნებას თანამედროვე სამყაროში, როცა ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად იცვლება?
– მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორედ მენეჯმენტის მოქნილობასა და ცვალებად რეალობას სწრაფად მორგების უნარზეა დამოკიდებული კომპანიის სიძლიერე, რათა ჩვეულ რიტმში გააგრძელოს ფუნქციონირება.
– რა ცვლილებების განხორციელება მოგიხდათ პანდემიის პირობებში?
– ვირუსი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევად აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენ ამგვარი გამოწვევა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად ვაქციეთ, ელექტრონული კომერციის განვითარება გადავწყვიტეთ და მალე მომხმარებელს სრულიად ახალ სერვიზებს შევთავაზებთ.
– რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია?
– რა თქმა უნდა, კონკურენცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება პროგრესირება. კონკურენტი კომპანიების წინსვლა ჩვენთვისაც სტიმულია, რათა მეტად გავძლიერდეთ და სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნილება.
– რას თვლით კომპანიის მთავარ წარმატებად?
– ვფიქრობ, ჩვენი მთავარი წარმატება გუნდური მუშაობა და ის მაღალი ხარისხია, რომელსაც წლების მანძილზე ვინარჩუნებთ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– დღეს აქცენტს რეგიონების განვითარებაზე ვაკეთებთ. სხვათაშორის, ჩვენ ქსელი პირველი გავიდა რეგიონებში, ამიტომ ძალიან ვამაყოფთ, რომ რეგიონებშიც იმავე ხარისხის სერვისს ვინარჩუნებთ, როგორც დედაქალაქში.
– რამდენად იცავს კომპანია გენდერულ ბალანსს?
– სამწუხაროდ, ან იქნება საბედნიეროდ, „ნიკორაში“ გენდერული ბალანსი ქალბატონების სასარგებლოდაა დარღვეული, რადგან წამყვან პოზიციებზე მეტწილად სწორედ ქალბატონები არიან.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?
– სასურველია ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, თუმცა მთავარი მაინც გუნდური პრინციპით მუშაობის უნარია.
– რა შემთხვევაში შეგიძლიათ შეწყვიტოთ საქმიანი მოლაპარაკება?
– როცა შეუძლებელია კონსტრუქციული საუბარი და შეთანხმების მიღწევა.
– რას ნიშნავს კმაყოფილი მომხმარებელი?
– ის, ვინც ჩვენი მაღაზიის პირველივე სტუმრობით გახდება ერთგული მომხმარებელი.
– რა მთავარ წესს უნდა იცავდეს „ნიკორას“ თანამშრომელი?
– საკმაოდ ბევრი წესი გვაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხარისხის დაცვაა, როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების.
– რამდენად სწრაფად ირებთ გადაწყვეტილებას?
– გააჩნია, რა მაქვს გადასაწყვეტი.
ბლიცკითხვები:
– რა სლოგანით ხელმძღვანელობს ნიკორა?
– „ყველაფერი საუკეთესო ჩვენს მომხმარებელს!“
– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?
– აქამდე მხოლოდ ტელეფონი იყო, ახლა კი, პირბადეც შეემატა.
– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ და მიირთმევთ?
– ალბათ, მწვადი.
– „ნიკორას“ რომელ პროდუქტს ანიჭებთ უპირატესობას?
– ძალიან ბევრია, ამიტომ ჩამოთვლა გამიჭირდება.
– ვის რჩევას ითვალისწინებთ?
– ჩემთვის მეუღლის და მეგობრების რჩევა ყველაზე ფასეულია.
– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი შრომისმოყვარეობა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უნარია.