29 მარტს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” სამშენებლო კომპანიის ,,მეგობრობის” დამფუძნებელი მამუკა არევაძე სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სპორტში გამომუშავებული გამძლეობა, თვითრწმენა და წინააღმდეგობების დაძლევის უნარი ბატონმა მამუკამ ბიზნესის სფეროში გამოიყენა და სამშენებლო კომპანია ,,მეგობრობა” დააარსა, რომელიც 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
– ბატონო მამუკა, 16-წლიანი სპორტული კარიერა უამრავი პრიზით, ჯილდოთი აღნიშნეთ და ევროპის პრიზიორიც გახდით ჭიდაობაში. დღეს რამდენად ხართ გატაცებული სპორტით?
– ბავშვობა ხარაგაულში გავატარე და ჭიდაობაც იქ დავიწყე, მერე თბილისში გავაგრძელე სპორტული კარიერა და ახლაც აქტიურად ვარ ამ სფეროში ჩართული, რადგან ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სპორტის გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას, ახლა საგურამოში ვცხოვრობ და პატარა სპორტული დარბაზი იქაც მოვიწყვე. ვთვლი, რომ სპორტი ყველა ადამიანის ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, რადგან როგორც ვიცით, “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.
– როდის გადაწყვიტეთ სამშენებლო კომპანიის შექმნა?
– უამრავი სასარგებლო თვისება შევიძინე სპორტში. სწორედ ჭიდაობამ გამომიმუშავა იმუნიტეტი, გამძლეობა და მასწავლა მეგობრობა, რადგან მოჭიდავეების უზარმაზარ წრეში უმთავრესი სწორედ მეგობრობაა. კომპანია პრაქტიკულად მარტომ შევქმენი, მხოლოდ ერთი თანაშემწე მყავდა და სწორედ მასთან ერთად დავიწყე მუშაობა. მართალია, მშენებლობა ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. კომპანიას ეტაპობრივად შემოუერთდნენ პროფესიონალები, რომელთა დახმარებით ბევრად სწრაფად განვითარდით და მაქსიმალურად გავზარდეთ ჩვენი მასშტაბები.
– რამდენად გაკმაყოფილებთ დღევანდელი ბიზნესგარემო?
– საბედნიეროდ, სამშენებლო ბიზნესში სტაბილური სიტუაცია. მართალია, პანდემიამ სირთულეები შეგვიქმნა, მაგრამ მაინც ყველა პროექტი დროულად შევასრულეთ, რადგან ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროს. ვცდილობთ ყველა პროექტი განსაზღვრულ ვადაზე ადრე დავასრულოთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა დაპირება და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები. დღეს 300 თანამშრომელი გვყავს. მართალია, კომპანიაში მუდმივი როტაციაა, მაგრამ საბედნიეროდ პანდემიას კრიზისის გარეშე დავაღწიეთ თავი და არც თანამშრომლების დათხოვნა მოგვიწია, რაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა.
– კომპანიის პრიორიტეტებს შორის უმთავრესი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაა, როგორ ახერხებთ საკმაოდ რთული მისიის შესრულებას?
– ეკოლოგია მართლაც უმნიშვნელოვანესი სფეროა, ამიტომ არქიტექტორის შესარჩევად სპეციალური კონკურსი გამოვაცხადეთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ არაჩვეულებრივი სპეციალისტი შევიძინეთ, რომლის წყალობით სწორად ვადგენთ პროექტებს და ზუსტად ვერგებით გარემოს, ანუ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოცემულობას და ჩვენი პროექტებით არა ვამახინჯებთ, არამედ ვაუმჯობესებთ არსებულ სივრცეს. სამწუხაროდ, დღეს თბილისში უამრავი უბრალო და მოსაწყენი შენობაა, რადგან არქიტექტორები ერთი შაბლონის მიხედვით ქმნიან პროექტებს, ჩვენ კი, რადიკალურად განსხვავებულად ვმუშაობთ, რათა შევინარჩუნოთ ბუნებრივი ჰარმონია.
– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?
– მთავარი მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილება და იმაზე მეტის შეთავაზებაა, რასაც თავიდან ვპირდებოდით. ამჟამად გურამიშვილის გამზირზე ვაშენებთ 25-სართულიან სახლს, რომელიც წინა მშენებლობისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, რადგან ერთ სივრცეში გავაერთიანებთ მომსახურების ყველა სფეროს. ჩემი აზრით, ყველა შემდეგი პროექტი წინაზე უკეთესი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება განვითარება და ჯანსაღი კონკურენციის გაწევა. ამასთანავე, “მეგობრობა თაუერი” – სოციალური პროექტია, რადგან 32 დაზარალებული ოჯახის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 15-წლიანი არსებობის მანძილზე უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება შევიძინეთ და უამრავ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ჩვენს პროდუქცია წარვადგინეთ და სხვისი გავიცანით. რამდენიმე დღეში სტამბოლში მივემგზავრებით, საიდანაც ახალი იდეების და ინოვაციების ჩამოტანას ვგეგმავთ, რომელთაც წარმატებით დავნერგავთ ქართულ რეალობაში.
– უზარმაზარი გამოცდილების ფონზე, რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ძალიან რთულია ერთის გამოყოფა, რადგან მუდმივად იცვლება ფავორიტები. ახალ პროექტზე მუშაობისას სწორედ მას მივიჩნევთ საუკეთესოდ, მერე კი, სხვას ვიწყებთ და ახლა ის ხდება ყველაზე კარგი. უამრავი დამკვეთი გვყავს, ამიტომ ყოველ პროექტზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ და მუდმივად ახლის, წინასგან განსხვავებულის და ბევრად უკეთესის შექმნას ვცდილობთ.
– პირველ პროექტს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– პირველი მშენებლობა გლდანში წამოვიწყეთ. ამავე რაიონში განვახორციელეთ რამდენიმე შემდეგი პროექტიც, მერე კი, ნუცუბიძეზე გადავინაცვლეთ. ულამაზესი პროექტი გვაქვს სარაჯიშვილის მეტროსთან, რომელიც თავისი არქიტექტურით და ექსტერიერით გამოირჩევა, გურამიშვილის გამზირზე კი, ჩვენი შოურუმიც მოვაწყვეთ და 70-მდე დასახელების პროდუქცია გამოვფინეთ, რომელთა ნახვა და შეფასება ყველას თვითონ შეუძლია.
– არიას თუ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი?
– სამწუხაროდ, პროფესიონალები ნამდვილად გვაკლია. გამოცდილი სპეციალისტები საზღვარგარეთ მიდიან, ჩვენ კი, რეგიონებიდან გვიწევთ კადრების ჩამოყვანა და მათი სწრაფად გადამზადება. მართალია, კომპანიაში უამრავი უცხოელი, მათ შორის ჩინელი და აფრიკელი მუშაობს, მაგრამ ჩვენთვის მაინც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაა პრიორიტეტული.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი საწარმოს ბაზაზე ახალი ქარხნის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც ალუმინის პროდუქციას გამოუშვებს. ვფიქრობ, მასშტაბური პროექტი უამრავ ადამიანს დაასაქმებს და ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება.
– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს?
– სიმართლე ვთქვა, ძალიან რთულია თანამშრომლების შერჩევა. უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთავაზობთ სამსახურს, თუ ორკვირიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ჩვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, თანამშრომლების შერჩევისას იშვიათად ვცდებით, შეცდომის შემთხვევაში კი, ძალიან მშვიდად, რაც მთავარია ყველანაირი კონფლიქტის გარეშე, მეგობრულად ვემშვიდობებით ერთმანეთს.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ადრე ყოველთვის ვჩქარობდი, ახლა კი, მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ბლიცკითხვები:
– თქვენი კომპანიის სლოგანი?
– “შეიძინეთ ბინა სათქვენო ფასად!”
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ძალიან მიყვარს სპორტული აქსესუარების შეგროვება.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?
– “ძალიან კარგი!”
– სპორტის საყვარელი სახეობა ჭიდაობის შემდეგ?
– ფეხბურთი.
– რა პროფესიის არჩევას ნატრობდით ბავშვობაში?
– ძალიან მინდოდა უშიშროების სამსახურის აკადემიაში ჩაბარება.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მინდა რომ ყველაფერი გამოსწორდეს და ჩვენც დავმშვიდდეთ.
– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– სპორტულს და კლასიკურს.
– განტვირთვის საუკეთესო ადგილი?
– ძალიან მიყვარს ანტალიაში დასვენება.
– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?
– ძალიან ლამაზ შენობას.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?
– რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობაა. კომპანიის წარმატებისთვის კი, მთავარი ხელმძღვანელის მხრიდან კარგი მაგალითის მიცემაა თანამშრომლებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან პიარ-სამსახურს ნოდიკო ტატიშვილი ჩაუდგა სათავეში, რომლის მიზანდასახულობა დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წარმატებას მოგვიტანს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი