დღეს „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ამ დღესთან დაკავშირებით წინასწარვე მრავალი განცხადება გავრცელდა.
პოლიტიკაში ახლადშემოსულმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არაფრით დაუშვებდა. თუმცა, როგორც ცნობილია, ჯანმრთელობამ ხელი შეუშალა, რომ 5 ივლისს თბილისში ყოფილიყო.
რუსთაველის გამზირს ბევრი ბრძოლა უნახავს, უნახავს დაღვრილი სისხლიც, ახსოვს ნატყვიარი ჟურნალისტებიც.
მაგრამ ის, რაც დღეს “თბილისი პრაიდის” გარშემო ხდებოდა, როცა ჟურნალისტები გადაიქცნენ მთავარ სამიზნე ობიექტებად, წლების მანძილზე, ამ ღონისძიების გამართვის ისტორიაში, ფაქტობრივად, პირველად მოხდა.
პარლამენტთან, სადაც ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუწორდნენ სხვა გადამღები ჯგუფი მუშაობდა, მე პროცესს რუსთაველის მეტროსთან შევუერთდი.
შევეცდები გიამბოთ, რაც დღეს რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე გადამხდა თავს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
რუსთაველის მეტროსთან თბილისი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეები შეიკრიბდნენ. მათ სათავეში ედგა გურამ ფალავანდიშვილი.
ფალავანდიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თუ პრაიდის ორგანიზატორიბი არ გადაიფიქრებდნენ მარშის გამართვას, არ გამორიცხავდა, რომ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყოლოდა.
აქციის მონაწილეების ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ჩატარებაში რატომღაც ჟურნალისტებს ადანაშაულებდა.
ერთ-ერთმა მათგანმა პირადად დამადანაშაულა ცოდვის გავრცელებაში და აღნიშნა, რომ, რომ არა მე და ჩემნაირი ჟურნალისტები, მათივე სიტყვებით, ისინი (LGBTQ+) ვერ გაბედავდნენ მარშის გამართვას.
რამდენიმე ჟურნალისტი, სამწუხაროდ, აქციის მონაწილეების მსხვერპლი გახდა და რამდენიმე მათგანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გმობს მედიაზე ძალადობას
ვუცხადებთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც დაშავდა რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების დროს.
„ანტიქრისტეების მსახურები ხართ“ – ასეთი კომპლიმენტებიც მივიღეთ ჟურნალისტებმა.
ერთ-ერთი ქალი კი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ რომ არა ჟურნალისტები სოდომისა და გომორის ცოდვა არც იარსებებდა…
აქციაზე ყველაზე პატარა მონაწილეებიც გავიცანი. მართალია, ისინი ჯერ მხოლოდ სამი წლის იყვნენ, ტყუპები დემეტრე და ვალერი – მართალია, თვითონ დიდი ალბათობით ვერ ხვდებოდნენ, რას აპროტესტებდნენ, მაგრამ მათი მამა ამაყობდა, რომ მისი შვილები „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ.
დემეტრე და ვალერი აქციის მონაწილეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ბევრი მათგანი მათთან ფოტოებს იღებდა. მე, შეგნებულად არ ვავრცელებ მათ ფოტოებს.
რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე მანძილი ფეხით გავიარე. მოძრაობა გადაკეტილი იყო, თუმცა კაფეები ტრადიციულად უცხოელი ტურისტებით სავსე. საიდანაც ტურისტები ინტერესით ადევნებდნენ თვალს სიცხეში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ ადამიანებს.

ტურისტების წყალობით რუსთაველის გამზირის რაღაც მონაკვეთზე არც იგრძნობოდა, რომ ქართველებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამო იყო გადაკეტილი ქვეყნის მთავარი გამზირი.
პარლამენტთან მისულს კი საკანონმდებლო ორგანოსთან ნინოს ჯვარი დამხვდა აღმართული .
გამომსვლელთა ერთ ნაწილს ერეკლე მეფის პორტრეტი ჰქონდა მოტანილი.
მეორე ნაწილი კი დღის უფრო მოვლენების დრამატულად გამართვას არ გამორიცხავდა.

სწორედ ამ დროს პარლამენტის წინ კონცერტი დაიწყო.
აქციის მონაწილეები ცეკვით ცდილობდნენ დაენახვებინათ პრაიდის ჩატარების აბსურდულობა.
„ხმას აუწიეთ, უნდა ვიცეკვოთ“.
„ამით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სული, ამით უნდა დავანახოთ ჩვენი შეკრების მუხტი, დიახ, ესაა ჭეშმარიტი საქართველოს სახე“, – იყო შეძახილები.
აღსანიშნავია, რომ პრაიდის ჩატარებას წელს ზემოთ შიშველი მამაკაცებიც აპროტესტებდნენ ცეკვით.

აქციის მონაწილეები გაკვირვებული კითხულობდნენ, რატომ გადაწყვიტეს მარშის ჩატარება ორგანიზატორებმა მაინცდამაინც დედაენის ბაღში.
„გოგებაშვილმა დაუბარათ, რა უნდათ“? კითხულობდნენ გაბრაზებული აქციის ორგანიზატორები.
მალე გამოცხადდა, რომ პრაიდის ორგანიზატორებმა გადაიფიქრეს მარშის ჩატარება.
ამ განცხადებას აქციის მონაწილეები აღტაცების ყიჟინით შეხვდნენ და სვანური ცეკვით აღნიშნეს. ერთ-ერთი მათგანი 76 წლის სვანი ქალბატონი იყო, რომელიც ცეკვის შემდეგ აღნიშნა, რომ პრაიდის მარშის არგამართვა ისე გაუხარდა, რომ წლების შემდეგ პირველად იცეკვა.
„ჩვენი საქართველო აქაა“- იყო შეძახილები.
დაპირისპირების მორიგი კერა და მცირე ინცინდენტი აქციის მოშორებითაც იყო, სადაც ჩხუბის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ უწმინდესის შეურაცხყოფას არავის აპატიებდნენ.
„თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ქაშუეთის ტაძარში გადაინაცვლეს და პარაკლისი გადაიხადეს.
სიმართლე გითრათ, ამ ყველაფრის შემხედვარე ცოტა რთულია გაერკვე და დაბეჯითებით თქვა, სადაა ჩვენი საქართველო…
