LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სლოგანი „ბედნიერი მომენტებისთვის“ და „გემრიელი მომენტებისთვის” ნამდვილად გავამართლეთ – ,,ლიდერფუდის“ მიღწევები და სამომავლო გეგმები

58
katokikabidze2010

გადაცემის ლაივი LIVE

26 ოქტომბერს რადიო ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას წარმატების ფორმულა ,,ლიდერფუდის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატო კიკაბიძე  ესტუმრა, რომელმაც კომპანიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– კატო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დაარსების დღიდან არ მუშაობთ, მაგრამ დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებთ მის წარმატებაში… რა ნიშა აქვს „ლიდერფუდს“ ქართულ ბაზარზე?

– პირველ რიგში მოგესალმებით. „ლიდერფუდი“ დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიაა არა მხოლოდ თავის სფეროში, არამედ ზოგადად, ქართულ კომპანიებს შორის. ეს არის კომპანია გამართული ბრენდინგით, რითიც ძალიან ვამაყობთ. ეს ჩემი წინამორბედის დამსახურებაა, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამაზე დღესაც ბევრს ვმუშაობთ. მე პირადად ვამაყობ იმით, რომ „ლიდერფუდის“ გუნდის წევრი ვიყავი მაშინ, როდესაც კომპანიამ გაყიდვების რეკორდი მოხსნა, კერძოდ 2020 წლის სექტემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი უფრო და უფრო გვენდობა და ჩვენც ჩვენი სლოგანი „ბედნიერი მომენტებისთვის“ და „გემრიელი მომენტებისთვის” ნამდვილად გავამართლეთ.

– ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა, არამედ შეინარჩუნოს კიდეც. როგორ ახერხებს ამას „ლიდერფუდი“?

– ჩემი აზრით, ჩვენს შემთხვევაში საიდუმლო დამოკიდებულებაშია. ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით ისეთ პროდუქციას, როგორიც ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს. რასაკვირველია ყველა ნაწარმით შეიძლება მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩეს და რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია იყოს ხარისხიანი და მომხმარებლის მოთხოვნებს მორგებული. მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს დამოკიდებულებას.

– აღსანიშნავია, რომ „ლიდერფუდი“ ცნობილია სიახლეებით. კომპანიამ პანდემიის დროსაც კი გაანებივრა მომხმარებელი ახალი პროექტებით, თუნდაც ცნობილი ტურიზმზე ორიენტირებული პროექტი რომ გავიხსენოთ. როგორია ამ პროექტების შედეგი დღეს და შესრულდა თუ არა მისია, რომლის შესრულებაც „ლიდერფუდმა“ მიზნად დაისახა?

– დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მისია შესრულდა. პირველ რიგში, ჩვენ ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი პროექტის –  „დაისვენე საქართველოში“ მიზანი იყო ხელი შეგვეწყო ტურიზმის განვითარებისთვის, გვინდოდა ადამიანებს საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოენახულებინათ და ლაშქრობებში ჩვენი პროდუქცია გაეყოლებინათ, რომ უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო მათი ბედნიერი მომენტები. შედეგი კი ის არის, რომ როგორც გითხარით, გაყიდვების რეკორდი მოვხსენით. ეს კომპანიის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი გაყიდვების დეპარტამენტს მიუძღვის.

– ვიცი, რომ გრანდიოზულ სიახლეს უმზადებთ მომხმარებელს და ამაზე ჯერჯერობით არ გისაუბრიათ არსად, შესაბამისად ჩვენ ერთგვარი ექსკლუზივი გვექნება. გვესაუბრეთ ამ სიახლეზე…

– დიახ, ძალიან მალე ახალ, განსაკუთრებით კარგ პროდუქტს გამოვუშვებთ, თუმცა სამწუხაროდ ჯერ ვერ გეტყვით, ეს რა პროდუქტია. მომდევნო თვიდან გამოჩნდება ეს პროდუქტი ბაზარზე და მომხმარებელი მიხვდება, რაზეა საუბარი. ამ პროდუქტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან გვინდოდა რომ გემრიელი ყოფილიყო. დეგუსტაციაში თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა და ფაქტიურად დეგუსტაციისთვის სპეციალური ფოკუს-ჯგუფის შექმნა აღარ დაგვჭირდა. ეს განსხვავებული, გულიდან წამოსული პროდუქტია. ვთვლი, რომ ეს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია და დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელს ძალიან მოეწონება.

– მუდამ სიახლეზე ორიენტირებული და კრეატიული იდეებით დატვირთული ხართ? და თანაც ასეთი ქარიზმატული?

– დიახ, ჩვენი მუშაობის სტილი ასეთია. „ლიდერფუდში“ არცერთი კაბინეტის კარი არ არის ჩაკეტილი, იდეის გასაჟღერებლად წინასწარ შეხვედრის ჩანიშვნა საჭირო არ არის. მუშაობის ასეთი სტილი მომწონს, მით უმეტეს, რომ შედეგს ვდებთ. ზოგადად მიმაჩნია, რომ რასაც პოზიტიურად მიუდგები, პასუხადაც პოზიტივს მიიღებ. იქნება ეს სამსახური, ოჯახი, მეგობრები თუ პირადი ცხოვრება, ვფიქრობ მთავარია პოზიტიური განწყობა გვქონდეს.

-კატო, საინტერესოა რას ნიშნავს თქვენი კომპანია თქვენთვის…

– ფაქტიურად ჩემი ცხოვრებაა. მე არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც კვირა დღეს საქმიან ზარებს არ პასუხობენ.  თუ ზარებს ხანდახან ვერ ვპასუხობ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამ დროს უფრო მნიშვნელოვან საქმეზე ვმუშაობ. ვერ წარმომიდგენია, რომ ექვს საათზე კარი გავიხურო და რაკი ჩემი დასვენების დროა, ზარს არ ვუპასუხო. სამსახურის მიმართ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა და მიმაჩნია, რომ თუ რაღაც დოზით წარმატებული ვარ, ეს ჩემი გულწრფელი დამოკიდებულების დამსახურებაა…

– ჩვენ დაახლოებით უკვე მივხვდით, როგორია გუნდური მუშაობის პრინციპი „ლიდერფუდში“. რამდენი ადამიანისგან შედგება ის კრეატიული ჯგუფი, რომელიც ამდენ წარმატებულ პროდუქტს დებს?

-ძირითადად, ეს არის სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, თუმცა იდეა შეიძლება ნებისმიერმა თანამშრომლემა მოგვაწოდოს. შეიძლება ხორცის მიღების და გადამუშავების დეპარტამენტის თანამშრომელი მოვიდეს ჩვენთან გამართული იდეით, ძალიან ბევრი რამე შექმნილა ასე: უთქვამთ რაღაც და მერე ამაზე აგვიგია ახალი პროდუქტი და კარგი გამოსულა. მაგალითად ახალი პროდუქტი თავისი გემოთი და სხვა ელემენტებით ეკუთვნის ჩვენს კომერციულ დირექტორს, რომა ანთიძეს, რომელმაც ის ჩვენს დამფუძნებელთან ერთად შეიმუშავა. რასაკვირველია, ძირითადად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს, თუმცა შეზღუდულები ნამდვილად არ ვართ, ყველას შეუძლია იდეა გაგვაცნოს.

– კატო, თქვენს მაგალითზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი მენეჯერი?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი აზრით მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება. ყველაფერს ისე უნდა აღიქვამდე, როგორც შენს საკუთარს და შესაბამისად უვლიდე. მთავარია გულწრფელობა და საქმის სიყვარული. რასაკვირველია კომუნიკაბელურობაც მნიშვნელოვანია.

– შინაგანაწესი „ლიდერფუდში“, რომელიც ყველა თანამშრომელმა უნდა გაითვლისწინოს?

– ასეთი განსაკუთრებით დადგენილი წესები არ გვაქვს, მთავარია გიყვარდეს შენი საქმის კეთება და თავს კარგად გრძნობდე. თუ თანამშრომელი  სამსახურში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ და აღმოვფხვრათ მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯობს ერთმანეთს დავემშვიდობოთ, რადგან ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს საქმის კეთებისას. ერთმანეთს პატივს ვცემთ, ერთმანეთის აზრის ვითვალსიწინებთ, ვმუშაობთ გუნდური პრინციპით.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?

– შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ძლიერი მხარეა, ამაში ნამდვილად კარგი ვარ.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში:

– დარწმუნებული ვარ.

– საყვარელი ავტომობილი?

– „აუდი“ TT S ლაინი, ოღონდ ახალი.

– „ლიდერფუდის“  სლოგანი…

– ბედნიერი მომენტებისთვის…

– რომელი ოჯახი, „ლიდერფუდი“ თუ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“?

– რომელი თითი მოვიჭრა? (იცინის)

– რამდენად ხშირად მიირთმევთ ხორცპროდუქტებს?

– საკმაოდ ხშირად.

– „ლიდერფუდის“ საყვარელი პროდუქტი?

– საფირმო სპეცი ყველით.

– რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი გადატვირთული რეჟიმის პირობებში?

– კარგ ძილს.

– გადაცემის სახელი, რომელსაც სტუმრობთ?

– „წარმატების ფორმულა“

– აქტუალური თემა, რომელზეც გადაცემას გააკეთებდით დღეს?

– კვება.

– აზრი, რომელიც ახლა გებადებათ?

– ძალიან ბედნიერი ვარ.

– შემდეგი ეთერი როდის გაქვთ?

– კვირას.

– შემდეგი თათბირი „ლიდერფუდში“?

– ორშაბათს.

– რას გააკეთებთ, როგორც კი აქედან გახვალთ?

– ალბათ თქვენთან ერთად ჩაის დავლევ, თუ მოვასწარი…

– კატო, რა არის მთავარი თვისებები, რომლებიც საკუთარ თავში გამოიმუშავეთ იმისათვის, რათა წარმატებისთვის მიგეღწიათ?

-პირველ რიგში, ვისწავლე ჩემი ფეთქებადი ხასიათის დაძლევა. ბოლომდე არა, მაგრამ ამ ყველაფრის კონტროლი ვისწავლე, ამაზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავე და მიხარია, რომ ამან შედეგი გამოიღო. თუმცა რასაკვირველია, ჩემს თავზე მუშაობას განვაგრძობ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები