„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, საქმეში მთავარ მტკიცებულებად მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია.
„ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდებოდა, ახლა ასახულია ორგვერდიან ბრალის დადგენილებაში, სადაც მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმის ჩვენებებია მოყვანილი. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის.
მოწმეთა ვინაობა არ ვიცი, სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან. მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, მისი გადმოცემის შემდეგ გვეცოდინება, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალის დადგენილებას გავეცანით, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია თითქოს, მთავარი მტკიცებულებები ამ საქმეში“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დღეს, 6 ოქტომბერს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 5 პირს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე ეხება მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაგეგმილ და განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებს.