ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.
„დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
