ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე წერს.
როგორც ალანია აღნიშნავს, ლექსოს პატარაობიდანვე იცნობდა.
„ლექსოს სიკვდილმა დიდი ტკივილი მომაყენა. მას პატარაობიდან ვიცნობდი. მამამისმა, მერაბ ლაშქარავამ მოსკოვში, თვალის ექიმთან ჩამოიყვანა. რამდენიმე დღე ჩემს ბინაში სტუმრობდნენ.
ლექსო ხალისიანი, კომუნიკაბელური ბავშვი იყო. მახსოვს, საქართველოში გამგზავრების წინ, მისი საოცრად თბილი დამშვიდობება.
.
გუშინ დავემშვიდობე სამუდამოდ…
მტკიოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიცვალებულს სიკვდილს არ კმარობენ. აქ სიკვდილის შემდეგაც კლავენ ადამიანებს…
.
რა შუაშია აქ პარტიულობა?
რას ნიშნავს მსგავსი მიდგომა, როცა განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს მოიხსენიებენ კნინობით ფორმაში და მაშინვე აწებებენ პარტიულ იარლიყებს?
…
ნუთუ ასე ძნელია, გაიგოს ყველამ, რომ
ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება.
.
ნუ შევეჩვევით სხვის მიმართ ჩადენილ უსამართლობას! ნუ შევეჩვევით ახალგაზრდების სიკვდილს!
ღმერთო, მოგვეც უნარი, არასოდეს დაგვეკარგოს სამართლიანობის განცდა და მოვლენათა ობიექტური განსჯის ნიჭი.
რადგან სადაც სიმართლეა იქაა უფალი, იქაა ძალა და სიყვარული.
და არ არსებობს შიში, რომელიც დაგვადუმებს ამ დროს.
.
ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, ძალადობის წინააღმდეგ თუ არ დგას სახელმწიფო, როგორც ორგანიზაცია, მაშინ ის სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს.
რაც მწყინს:(
.
ნათელში იყავი, ლექსო…
მშვიდად განისვენე, შენ ისეთი გულშემატკივრები დაგვტოვე…
და ვაი იმათ, ვისაც ჰგონია რომ არსებობს რამე თანამდებობა, რომელიც ამქვეყნად მარადიულია”- წერს ბელა ალანია.