5 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ წარმატებულ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
2012 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ზურამ რუსეთის ნაციონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა ორდინატურა ყბა-სახის ქირურგიის განხრით, 2019 წელს კი, ყბა-სახის ქირურგიის ფედერალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დამთავრა ასპირანტურა და შეძენილი გამოცდილებით ისევ საქართველოს დაუბრუნდა.
– ზურა, რატომ გადაწყვიტეთ ქირურგობა, რა იყო მთავარი მოტივაცია?
– მართალია, მედიკოსობა ოჯახურ პროფესიად ითვლება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ ჩემს ნათესავებს შორის ექიმები არავინ ყოფილან. უბრალოდ, გადაცემა ვნახე პლასტიკური ქირურგიაზე, მშვენიერი ქალბატონების ცქერით მოვიხიბლე და სწორედ მაშინ მომინდა ქირურგობა, რათა მეც შემეტანა წვლილი მათ სილამაზეში.
– რამდენად ძლიერია ქართული პლასტიკური ქირურგია დანარჩენი მსოფლიოს ფონზე?
– ვფიქრობ, ქართული პლასტიკური ქირურგია საკმაოდ კარგადაა განვითარებული და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში, რადგან გემოვნებიანი ადამიანები ყოველთვის სხვებზე მეტად ზრუნავენ საკუთარ იერსა და გარეგნობის სრულყოფაზე. სხვათა შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირში სწორედ საქართველოში ჩატარდა რინოპლასტიკის პირველი ოპერაცია.
– საზღვარგარეთ წარმატებული კარიერის მიუხედავად, მაინც საქართველოში გადაწყვიტეთ ჩამოსვლა. რატომ გადაწყვითეთ სამშობლოში დაბრუნება?
– სიმართლე ვთქვა, არასდროს ვგეგმავდი საქართველოში დარჩენას, მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვდიოდი დასასვენებლად და ისევ უკან ვბრუნდებოდი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთვის უცნობ კლინიკაში შევიარე და ადგილობრივი ქირურგები გავიცანი. ძალიან მომეწონა მათთან ურთიერთობა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საყვარელი საქმის საქართველოში კეთება.
– რამდენად ხშირად მასპინძლობდით უცხოელ პაციენტებს ვირუსის გავრცელებამდე?
– უცნაურია, მაგრამ პანდემიას დადებითი მხარეც აღმოჩნდა, რადგან ადამიანებს საკუთარ თავზე, გარეგნობოაზე ზრუნვის მეტი დრო გაუჩნდათ. მართალია, უცხოელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ქართველმა პაციენტებმა იმატეს.
– რა მოთხოვნები აქვთ ქართველებს, რა ტიპის ოპერაცია სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით?
– ჩვენს ქვეყანაში პოპულარობას ისევ რინოპლასტიკა ინარჩუნებს, პაციენტები ან სუნთქვის პრობლემებს უჩივიან ან დეფორმირებული ცხვირის გასწორება სურთ.
– მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რას თვლით ქართული პლასტიკური ქირურგიის მთავარ ნაკლად?
– ვფიქრობ, მთავარი ნაკლი საერთო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არ არსებობაა, რომელის ბაზაზე ერთის მხრივ, იშვიათი, განსაკუთრებით რთული ოპერაციების საჯარო განხილვა მოეწყობოდა და პროფესიონალთა ნაშრომების, სტატიების გამოქვეყნებით აქტიური სამეცნიერო მუშაობა გაიმართებოდა, მეორეს მხრივ კი, ახალგაზრდა ექიმები აიმაღლებდნენ კვალიფიკაციას, რაც ბევრად სწრაფად განავითარებდა ჩვენს დარგს.
– ახლა რაზე მუშაობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მხოლოდ ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ჯერ ადგილობრივ მოთხოვნებს ვეცნობი, რათა ზუსტად განვსაზღვრო პირადად მე რა შემიძლია შევთავაზო ქართველ პაციენტებს.
– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური სამუშაო გარემო, სად გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად?
– მართალია, ძალიან კომფორტულად ვარ საქართველოში, მაგრამ ვფიქრობ ხანგრძლივი კომფორტი ნაკლებად სასრგებლოა, რადგან ასე შეუძლებელია განვითარება.
– ვის თვლით საუკეთესო კოლეგად?
– საუკეთესო კოლეგა ისაა, ვინც ყოველთვის გამონახავს დროს საერთო საქმეზე საუბრისთვის, ყოველთვის დაგეხმარება რჩევით და ახალი იდეით.
– რით საზღვრავთ პროფესიონალიზმს?
– პირველ რიგში შრომისმოყვარეობით. ადამიანი საქმეს უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, ვიდრე საუბრობდეს საკუთარ მიღწევებზე.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ძალიან სწრაფად, რადგან სულ ვჩქარობ. მართალია, დიდხანს ვფიქრობ, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის სწრაფად ვიღებ.
ბლიცკითხვები:
– დღის რეკორდს ხომ ვერ გაიხსენებთ, როცა ყველაზე მეტი ოპერაცია ჩაატარეთ?
– მახსოვს, ერთ-ერთ პაციენტს ოთხი ოპერაცია გავუკეთე ერთ დღეს.
– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სად გიყვართ დასვენება?
– სახლში, საკუთარ საძინებელში.
– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?
– აქსესუარებით ნაკლებად ვსარგებლობ, რადგან პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს მათი მოხსნა და არ მინდა რაიმეს დაკარგვა.
– წითელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას თუ ფორთოხლის წვენს?
– რა თქმა უნდა, წითელ ღვინოს.
– სპორტის რა სახეობა მოგწონთ ყველაზე მეტად?
– ძალიან მიყვარს ცურვა, სირბილი და ველოსიპედით მოგზაურობა.
– რა თვისებას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
– გულწრფელობას.
– კერძი, რომელსაც ყველაზე კარგად ამზადებთ?
– ყველაზე კარგად თევზის შეწვა მეხერხება.
– რა ფრაზით ამხნევებთ საკუთარ თავს?
– ხშირად ვიმეორებ, რომ ყველაფერი აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი მოთმინება და მიზანდასახულობა, შრომის უნარი და შრომისმოყვარეობაა. თვითონ ძალიან სულსწრაფი ვარ, ყოველთვის სწრაფად მინდა შედეგის მიღწევა, ამიტომ სერიოზული მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავში მოთმინების გამოსამუშავებლად.
გადაცემის აუდიოჩანაწერი