4 წლის დათი ყაჯრიშვილს, რომელსაც ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, რამდენიმე დღის წინ, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი. დათის დასახმარებლად არაერთი ადამიანი გაერთიანდა.
ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი შვილის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს და მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„გთხოვთ, იაშვილში მიდით… ჩემს შვილს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება“ – 4 წლის დათი ყაჯრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი
„მომწერეთ პირადში ვინც შეძლებთ ჩემი შვილისთვის სისხლის ჩაბარებას“, – წერს თამარ ბუჩუკური.
როგორც თორნიკე ყაჯრიშვილი აღნიშნავს, დათის წინ რთული გზა აქვს გასავლელი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებით სხვებისთვის მაგალითი გახდება.
თორნიკე ყაჯრიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ყველა გზა გამარჯვებისკენ მიდის!
ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ ოცნებასთან ერთად, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, თავადაც ბავშვი, ვცდილობდი წარმომედგინა როგორი შვილი მეყოლებოდა… როგორი თვალის ფერი, ცხვირი, სახის ფორმა, კანის და თმის ფერი ექნებოდა ჩემს პატარას… ხუთი წლის წინ, როცა პირველად გავიგე რომ ,,ვიღაცის” მამა უნდა გავმხდარიყავი, მთელი ცხრა თვე, ყოველ გახსენებაზე, თმის ღეროდან ფეხის თითებამდე ერთიანად დამივლიდა ხოლმე ჟრუანტელი… დაბადებას არ ჩქარობდა, მე კიდევ ერთი სული მქონდა ექოსკოპიის ფოტოზე მომღიმარ არსებას რეალობაში როდის შეხვდებოდი. რამდენჯერმე მოგვატყუა, ცრუ განგაშით გაგვაქცია სამშობიაროში. ბოლოს, როცა ამ ქვეყნად მოვლინების ყველანაირ ვადას გადააცილა, იძულებით, საკეისრო კვეთით ამოაძვრინეს… ერთი სული მქონდა, ეგოისტურად, პირველს მენახა და ჩემივე გადაწყვეტილებით, მისი დაბადების პროცესს დავესწარი… იმ დროინდელი ენდორფინები ახლაც მომყვება…
ასე გავხდი პატარა ბიჭის მამა. მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც, მე დათის დაბადების შემდეგ დავიწყე ნამდვილი ცხოვრება. მანამდე გავლილი 34 წელი, უბრალოდ ვარსებობდი. სამშობიაროდან სახლში გამოყვანის დღეს, როცა გულზე დავიწვინე, ჯერ კიდევ მაშინ ვაწყობდი გეგმებს, რომელ წრეებზე უნდა მეტარებინა, რა აქტივობებით უნდა დაკავებულიყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ კარგად ემღერა. ოთხი წელია მასზე ფიქრით იწყება ყოველი დილა…
და იყო დღე… დღე, როცა სამყარო ჩამომექცა… ყველაფერმა დაკარგა აზრი…დავიშალე, დავიფანტე და დღემდე ვცდილობ ,,შევგროვდე”, არ გამომდის, არადა ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდება.
მანამდე კი…
წინა კვირას, დათი თავის საყვარელ ,,ტაჰეთში” (კახეთში), ,,ბოდისჰევში” (ბოდბისხევში) ჩავაბრძანე. მეორე დღეს, მისი პირღებინება ბევრი ტკბილეულის მიღებას დავაბრალეთ და მკურნალობა ელექტროლიტების მიღებით დავიწყეთ… განგაშის ზარს მაშინ შემოვკარით, როცა ეს პროცესი მესამე დღეს გაგრძელდა. ექიმებში სიარულში სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდა… გამომწვევი მიზეზის ძიებამ ,,ემერტეს” გამოკვლევამდე მიგვიყვანა… მერე იყო თავზარდამცემი დიაგნოზი…
სიმსივნე თავისა და ზურგის ტვინის შეერთებასთან, მეოთხე პარკუჭში, მოგრძო ტვინთან… ვერაგი, საშინელი სიმსივნე, ლამის კვერცხისოდენა…
იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ყველაფერი სიზმარივით, უფრო სწორად ფრაგმენტულად მახსოვს…
მას შემდეგ ბევრი უპასუხო კითხვით დავდივარ – რატომ?! რით დაიმსახურა ამ პატარა, სიყვარულის მფრქვეველმა ბიჭუნამ ეს ყველაფერი?! ჩვენთან რა უნდოდა სიმსივნეს?! და კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…
მერე იყო ოპერაცია. განვლილი ცხოვრების, ყველაზე რთული სამი საათი… დაუსრულებელი, არანორმალური და სამ საუკუნედ გაწელილი… მესამე დღეს ანემია, და დათის დასახმარებლად გაერთიანებული საქართველო…
უკვე ერთი კვირაა ჩვენს ცხოვრებაში ახალი მისამართი გაჩნდა, რკინიგზის საავადმყოფოს მესამე სართული, რეანიმაცია… აქაურ განცდებსა და ემოციებზე სხვა დროს…
ახლაც, ამ წამს, დავყურებ ჩემს მაცოცხლებელს, სიცოცხლის მომცემ არსებას და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.
პირველი და მთავარი ნაბიჯი გადავდგით, მოვიშორეთ ყველაზე საშინელი. წინ დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. ბრძოლა დაწყებულია, ზუსტად ვიცი, რომ ტატამზე დავანარცხებთ და მოსვლის დღეს ვაწყევლინებთ ვერაგს…
ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რა გეგმები გაქვსო, ბევრ რამეს ჩამოვუთვლიდი… ახლა კი… ახლა ყველა გზა გამარჯვებისკენ მიდის, ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი მაგრად იქნება. მამ, ჩვენ გავხდებით სხვებისთვის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო! ყველა იმ ადამიანის გვერდში დგომას, ვინც ამ მძიმე წუთებში ბრძოლის ძალას გვაძლევენ, მე და დათი სიკეთით გადავუხდით. ეს მამისფერი სიზმარი არაა, ეს სინამდვილეა და ჩვენ გამარჯვებას რეალობად ვაქცევთ!
08.05.2024. 02:18 საათი“
ყველა გზა გამარჯვებისკენ მიდის! ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ ოცნებასთან ერთად,…
Posted by თორნიკე ყაჯრიშვილი on სამშაბათი, 07 მაისი, 2024