LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვეულებრივ, ყველა იდიოტი კაცის უკან შესანიშნავი ქალია“ – ქალები ძალადობაზე ღიად საუბრობენ

ცნობილი ქალები

თანამედროვე რეალობაში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალურია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა დრო, როდესაც ქალბატონები საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბრობენ, არ მალავენ, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან ან ყოფილან და თავის რეალიზაციას საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ.

ქალთა მიმართ ძალადობაზე არც ისე შორეულ წარსულში საუბარი სირცხვილთან და შიშთან ასოცირდებოდა და ის მხოლოდ ოჯახის შიდა საქმედ ითვლებოდა.

ქალთა მიმართ ძალადობა განიხილება, როგორც ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევა და ის ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა რელიგიის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებში.

მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში კაცები ქალებზე მასობრივად ძალადობენ და ამის მიუხედავად, ისინი არ ისჯებიან. „ჰუმან რაითს ვოჩი“ (HRW) ჩრდილოეთ კორეელი 62 ქალის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომ მათზე ძალადობა ჩვეული ცხოვრების ნაწილი გახდა. მათი განმარტებით, მამაკაცების მხრიდან ძალადობა ხშირად ღიად და შეუფარავადაც ვლინდება.

ქალბატონებში და ზოგადად, საზოგადოებაში მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ პრობლემის არსი და მის მოგვარებას შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღეა. სწორედ ამ დღეს დაიწყო 16 დღიანი კამპანია, რომლის მიზანიც ამ ფენომენის სააშკარაოზე გამოტანაა. ამ მიმართულებით სხვადასხა სახის ღონისძიებები და აქტივობები დღეს სრულდება.

კამპანიაში რამდენიმე წელია ჩართული არიან სხვადასხვა ორგანიზაციები, სპორტსმენები, მსახიობები და ჩვეულებრივი ადამიანები.

შეგვიძლია გავიხსენოთ 2015 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებზეა. დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ“, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას ეხება, ის საქართველოში მომხდარ რეალურ ისტორიებს ასახავს. ფილმის გმირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, თუმცა მათ საერთო პრობლემა აერთიანებთ – ყველა მათგანი ძალადობის მსხვერპლი საკუთარ ოჯახში გახდა.

„ხმა ამოიღეთ!“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გადაიღეს.

დღეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით ქალბატონების მიმართვა სხვადასხვა უწყებებთან 10-ჯერ მეტად გაზრდილია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ასევე, გაზრდილია შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალებზე ძალადობა ჩვეულებრივი ოჯახური მოვლენა აღარ არის, ის დანაშაულია და მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სამყაროში ყველა თანასწორია.

„2017 წელს ჩატარდა წარმომადგენლობითი კვლევა, რომელიც 2009 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილია ცნობიერების ზრდა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

თუ სხვა ქვეყნებზეც ვისაუბრებთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ყველაზე ხშირად მეზობლები რეაგირებენ, რადგან მათ იციან, რომ ეს თავიანთი მოვალეობის შესრულებაა.

ასევე, ნიუ იორკის შტატის მეტროში, მატარებლის ვაგონებში არსებობს განცხადებები, რომ ადამიანებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, დაუყონებლივ პოლიციას აცნობონ. ამის გარდა, გარკვეული დროის შემდეგ, ამ ყველაფრის გახმოვანებაც ხდება. ზოგ სატრანსპორტო საშუალებებში არსებობს განცხადებები, სადაც ინფორმაცია წერია იმის თაობაზე, თუ რა სასჯელი მოყვება ძალადობას და კანონის დარღვევას.

 

 

მაგალითად, ნიუ ჯერსის ავტობუსებში არსებობს რკინაზე ამოტვიფრული სიტყვები, რომელიც მგზავრებს აფრთხილებს, რომ ავტობუსში შეიძლება იჯდეს ჩვეულებრივ ტანისამოსში გამოწყობილი პოლიციელი. ეს სახელმწიფოს მიერ ერთგვარი გამაფრთხილებელი ნაბიჯია, რომ მგზავრებმა თავი დაცულად იგრძნონ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოქალექეების უმეტესობას ამ თემაზე საუბარი ღიად არ რცხვენია და აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

თუ სახელმწიფოს მიდგომებს შევადარებთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმართვიანობის ზრდა, სწორედ უწყებების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი რეაგირების შედეგია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების თვედაა გამოცხადებული და ყველა მედიასაშუალება იმ ღონისძიებას აშუქებს, რომელიც ამ თემაში მოიაზრება.

საქართველოს კანონით, ძალადობის ხუთი ფორმა არსებობს:

  • ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს;
  • ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელებას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას;
  • სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით;
  • იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან/და რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ეს ძალადობის ის სახეებია, რომელიც ჩვენს კანონში არსებობს, საინტერესოა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში იყენებენ:

  • დამცავი ორდერი
  • შემაკავებელი ორდერი
  • თავშესაფარი
  • სისხლისსამართლებრივი მექანიზმები
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები

თავშესაფარი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს ან დროებითი განთავსების ადგილს, რომელიც მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებასა და დაცვის ღონისძიებებს ემსახურება. დღეს საქართველოში ამ მხრივ, თავშესაფრები 5 ქალაქშია – ბათუმში, ქუთაისში, გორში, წნორსა და თბილისში. ასევე, ფუნქციონირებს 5 კრიზისული ცენტრი, რომლებიც ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს ემსახურება.

მსოფლიოში, ქალების მიმართ ლოიალობას ცნობილი ადამიანებიც იჩენენ. „აეროსმიტის“ სოლისტმა სტივენ ტაილერმა ატლანტაში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა. თავშესაფარს ჯენის სახლი – Janie’s Home ქვია.

ქალების მიმართ ძალადობის კამპანიას, „მის პერუ 2017“ წლის სილამაზის კონკურსის მონაწილეებიც გამოეხმაურნენ. მათ კონკურსზე სხეულის ზომების წარდგენის ნაცვლად, მაყურებელს ქალებზე ძალადობის მონაცემები გააცნეს.

„ჩემი სხეულის ზომებია ის 2202 ქალი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მოკლეს ჩემს ქვეყანაში;
ჩემი სხეულის ზომებია ქალების 70%, რომელთაც ქუჩებში ავიწროვებენ,“ – ასეთი იყო კონკურსანტების განცხადებები.

კამპანიას ცნობილი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის მატჩებზე სახეზე წასმული წითელი ხაზებით გავიდნენ. კონკრეტულად ეს აქცია, ძალადობის წინააღმდეგ წითელ ბარათს ნიშნავდა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხატვარმა ალექსანდრო პოლომბომ, ქალთა მიმართ ძალადობის აქციაში ცნობილი ქალბატონებიც ჩართო. მან კიმ კარდაშიანის, მაილი საირუსის, ანჯელინა ჯოლის, მადონასა და სხვა ვარსკვლავების სახეები ისე დაამუშავა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ გამოიყურებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები.

კამპანიას არც ჩვენი კალათბურთელები ჩამორჩნენ. ისრაელთან მატჩამდე, ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ნაკრების კალათბურთელებმა კამპანიის სლოგანით – “სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს 10 დეკემბერს 16 დღიანი კალენდრის ციკლი სრულდება. თუკი ჯონ ლენონს დავუჯერებთ: „ჩვეულებრივ, ყველა იდიოტი კაცის უკან შესანიშნავი ქალია“, ამიტომ ადამიანებს ყოველგვარი კამპანიის გარეშე უნდა ახსოვდეთ, რომ სამყაროში ყველა თანასწორია.

სალომე ბენდიანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g