ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბავშვებში ვირუსის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას.
დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას ალბათ ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, დავაბრალებთ უფრო მეტად იმას, რომ მშობლებიც, გამომდინარე იქედან, რომ დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ციციშვილის კლინიკაში, სადაც გასულ თვეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბავშვების მომართვიანობა ამ ეტაპზე მათ საავადმყოფოში მკვეთრად დაკლებული არაა.
„9 აგვისტოდან 10 აგვისტომდე ჩვენს კლინიკაში 32 კოვიდინფიცირებული შემოვიდა – ბავშვები მშობლებთან ერთად.
ამ წუთში რეანიმაციაშიც და განყოფილებაშიც რამდენიმე ადგილია დარჩენილი.
მთლიანობაში განყოფილებაში გვაქვს 175 და რეანიმაციაში კი 25 ადგილი. ჯამში კლინიკაში 7 ადგილი გვაქვს თავისუფალი მათ შორის 4 რეანიმაციაში.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მაია ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ყველაზე პატარა კოვიდინფიცირებული 13 დღის არის. ასეთი პატარა პაციენტები კი მისივე განმარტებით კლინიკაში რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი.
მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.