დაბა სტეფანწმინდაში 20 აპრილს მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.