2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 5.5 პროცენტი შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით ფასების საგრძნობი მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით არის გამოწვეული.
ეროვნული ბანკის ცნობით, თვის 1.7 პროცენტიანი ინფლაციიდან 0.7 პროცენტული პუნქტი ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის.
საანგარიშო თვეში, სურსათის ჯგუფში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით
გაიზარდა.
ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო “ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით“ შემავალი პროდუქტების ქვეჯგუფში. ამ ქვეჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 2.7 %-ით გაიზარდა ფასები „ხორცზე და ხორცპროდუქტებზე“, ხოლო „ხილზე და ყურძენზე“ ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა.
რამ გამოიწვია ინფლაცია?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 5.5 პროცენტით გაიზარდა.
ინფლაციის მატებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდაა. 2016 წლის მანძილზე საწვავის

ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა. თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბრიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების და იანვრიდან საწვავზე აქციზის ზრდის გამო ბენზინზე, დიზელზე და გაზის საწვავზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
თებერვალში ამ პროდუქტების წვლილმა წლიურ ინფლაციაში ჯამურად 1.9 პროცენტულ პუნქტს (პ.პ) მიაღწია. აქციზის ზრდის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები თამბაქოს ნაწარმზე, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.0 პ.პ შეადგინა.
სურსათის ფასები წლიურად 5.6 პროცენტით გაიზარდა. (გავლენა ინფლაციაზე 1.5 პ.პ). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, ხორცზე და ხორცპროდუქტებზე 6.4 პროცენტით (გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ) ფასების ზრდაა. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდიდან გამომდინარე, კვლავ მაღალია „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა (14.2 პროცენტი, გავლენა ინფლაციაზე 0.3 პ.პ).
საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი დონე, დაფიქსირდა „რძე, ყველი და კვერცხის“ და „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე შესაბამისად 5.7 და 6.3 პროცენტი.
ფასების 3.8 პროცენტიანი გაიაფება აღინიშნა „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ ჯგუფში.
თებერვალში იმპორტირებული საქონლის ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შაქარზე, სიგარეტსა და საწვავზე მოდის. ამავე დროს, ადგილობრივი საქონლის ინფლაცია 3.2 პროცენტი იყო. ფასები ვაჭრობად საქონელზე 6.2 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 3.0 პროცენტით გაიზარდა.