უახლოეს დღეებში გაირკვევა ეყოლება თუ არა ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობიდან”. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, განიხილება სხვადასხვა კანდიდატი.
ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზალიკო უდუმაშვილი – ეს სამი კანდიდატი განიხილება ამ ოლქში, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ შეთანხმება არ დაირღვევა და აცხადებს, რომ თავად სიტყვა არ გაუტეხავს, თან არასდროს.
“მე ვარ სიტყვის კაცი. ცხოვრებაში არასდროს ჩემი სიტყვა არ გამიტეხავს და იგივეს მოლოდინი მაქვს სხვისგან. იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფნა უნდა ნიშნავდეს სწორედ ერთგულებას შენი ნებისმიერი შეთანხმების. ძალიან ცუდი იქნება თუ ამ პირობას დაარღვევს ნაციონალური მოძრაობა, რადგან სიტყვის გამტეხის სახელი შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მთავარ სამიზნედ ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ “დამსხვრეული ოცნებების პარტია” და არა ოპოზიციური ლიდერები, რომელთა რეიტინგი თუნდაც ძალიან სწრაფად იზრდება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ვაშაძესთან პრეტენზიები აქვს გირჩს – დაფინანსების საკითხებში. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციური ერთიანობა არ უნდა დაიშალოს, რადგან ამომრჩეველს ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია და პასუხი ექნება. “ევროპული საქართველოს” მოსაზრებაა, რომ არსებული შეთანხმებები არ უნდა გადაიხედოს და პირიქით, კიდევ უფრო მეტ საერთო კანდიდატის დაყენებაზე უნდა იმუშავონ.
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლები კი აცახდებენ, რომ ყველაფერი სამართლიანად უნდა მოხდეს.
“როდესაც შეთანხმება შედგა, თუ ვის რამდენი კანდიდატი ეყოლებოდა, მაშინ ბატონი გიორგი იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბლოკის “ძალა ერთობაშიას” წევრი და ამ ბლოკით მოხდა მისი წარდგენა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად. მას შემდეგ, რაც დატოვა მან ეს კონკრეტული სუბიექტი, რომელიც იყო მონაწილე ამ შეთანხმებისა, ბუნებრივია, შეიცვალა კონფიგურაცია, ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება სამართლიანი და ობიქტური. მთლიანობაში, უმჯობესი იქნებოდა, ყოფილიყო ერთი კანდიდატი ზოგადად ყველა ოლქში, მაგრამ ვაცხადებდით, რომ შესაძლებელი იყო, ეს ყველგან ვერ მოხერხებულიყო,” – აღნიშნა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.