LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრების დონე ჩვენთან უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში – სამედიცინო დახმარებას აღმოგიჩენთ ჩვენთან ან გაგაგზავნით რუსეთში: ანატოლი ბიბილოვი

476
1

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცხოვრების დონე მათთან უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

ანატოლი ბიბილოვმა ამის შესახებ გუშინ, ახალგორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, მან მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

მედიასაშუალებების ცნობით, ბიბილოვმა მოსახლეობას შესთავაზა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა მან თავად დაიწყო საქართველოს, კონკრეტულად კი საზღვრის კვეთის თემაზე საუბარი.

მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან უკანონო ქართული პოსტის გახსნის შემდეგ დაიკეტა:

“სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება – შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს (თქვენს) ნათესავებს, მათ სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადავიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და აქ უმუშევრად არ დარჩებიან.” – განაცხადა ბიბილოვმა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, საქართველოში გამგზავრების მოთხოვნის საპასუხოდ, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მან იცის ფაქტები, როდესაც რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაემგზავრნენ, შემდეგ უკანონოდ კვეთენ მათს საზღვარს:

“ამის შემდეგ ისინი ავადმყოფობისა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკურნალობის აუცილებლობის საბაბით ცდილობენ უკან დაბრუნებას. თქვენ უნდა აირჩიოთ და გადაწყვიტოთ, სად გსურთ იყოს თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს – თქვენ გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას ან სამხრეთ ოსეთში, ან გაგგზავნიან რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებში.” – აღნიშნა ბიბილოვმა შეხვედრაზე.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი მიმდინარე წლის ბოლომდე, შეხვედრებს რესპუბლიკის ყველა რეგიონის მოსახლეობასთან გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g