LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გინეკოლოგის ფიქრია კამლაძის საინტერესო რეკომენდაციები ორსულებს

2647

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი ფიქრია კამლაძე ესტუმრა. გადაცემის თემა ოსრულობის მართვა გახლდათ. გინეკოლოგმა ორსულებისთვის საინტერესო ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიც არის: გენეტიკური პათოლოგია, მედიკამენტების მიღება, ვირუსული ინფექციები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ინფექციური დაავადებები – ჩუტყვავილა და წითელა, ექოსკოპია, ბუნებრივი მშობიარობა, საკეისრო კვეთა და გაუტკივარება.

 

დავიწყოთ იმ აუცილებელი ვიზიტებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო აფინანსებს და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ კვლევას?

მანამ, სანამ ანტინატალური მეთვალყურეობის პროგრამაზე გადავალ, ვიტყვი, რომ ერთადერთი არსება არის ქალი, რომელსაც შეუძლია ატაროს სიცოცხლე და ქვეყანას ჯანმრთელი პატარა მოავლინოს. ზრუნვა კი მომავალმა დედამ ორსულობამდე უნდა დაიწყოს. პაციენტმა უნდა ჩაატაროს საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორსულობა უნდა დაიგეგმოს, რადგან ორსულობაში ბევრი პრობლემა ავირიდოთ. კვლევების ჩატარება ორსულობის დროსაც არის შესაძლებელი, თუმცა, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში უკვე დაგვიანებულია ხოლმე, რადგან ვერაფერს ვეღარ ცვლი. მიმართეთ ექიმს ორსულობამდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი ქალბატონი შეიტყობს, რომ არის ორსულად, დროულად უნდა მიმართოს ექიმს. პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომ დადასტურდეს ორსულობა საშვილოსნოს ღრუში და გამოირიცხოს ისეთი გართულება, როგორიც არის საშვილონოს გარეშე ორსულობა, ნაყოფის მოშლის საშიშროება და ა.შ. ორსულის აღრიცხვაზე აყვანა ხდება 7-8 კვირის ვადაზე, როდესაც დიაგნოსტირებული იქნება ნაყოფის გულის ცემა, ანუ დაისმევა დიაგნოზი პროგრესირებადი ორსულობის შესახებ, სწორედ აღნიშნულ ვადაზე ვიწყებთ ანტინატალურ მეთვალყურეობას. პირველი ვიზიტი მთელ რიგ გამოკვლევებს ითვალისწინებს, ესენია: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა, გამოკვლევა შიდსზე, სიფილისზე, B და C ჰეპატიტებზე, ვაგინალური ნაცხის განსაზღვრა ფლორაზე, სტომატოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია და შარდის საერთო ანალიზი. არის კვლვევები, რომლებიც დამატებით კეთდება, ეს არის გამოკვლვევა ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებზე და მას ყველა ორსული შეთავაზებისთანავე იკეთებს. აუცილებელია ასევე აღინიშნოს, ორსულობის დადგენამდე 6 კვირით ადრე, ქალბატონმა უნდა დაიწყოს ე.წ. ფოლიუმის მჟავის მიღება, 400 მიკროგრამი დოზით, რომელიც ნერვული მილის დეფექტების რისკის ალბათობას მინიმუმამდე წევს. თუ არის დატვირთული ანამნეზის მქონე ორსული, მაგალითად დაფიქსირებულია მკვდრადშობადობა, ან ნერვული მილის განვითარების პათოლოგია და ა.შ. მაშინ ფოლიუმის მჟავის დოზა გაცილებით მაღალია, თითქმის 12-ჯერ მეტი. მეორე ვიზიტს ანტინატალური მეთვალყურეობის პროგრამა ითვალისწინებს 18-20 კვირაზე, თუმცა 12 კვირაზე აუცილებლად ვაკეთებთ ულტრაბგერით გამოკვლევას, როდესაც ხდება ე.წ. ”კისრის ნაოჭის” გაზომვა, რომ გამოირიცხოს დაუნის სინდრომი. აუცილებლად კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, უსიმპტომო ბაქტერიების გამორიცხვის მიზნით. აქვე ვთავაზობთ პაციენტებს პრენატალურ სკრინინგს, ორმაგ გენეტიკურ ტესტს, რომელიც კეთდება 11-13 კვირაზე, ეს არის ქორიონული გონადოტროპინისა და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის განსაზღვრა, რომელიც გვეხმარება გამოვრიცხოთ გენეტიკური პათოლოგიები. კიდევ ერთ, სამმაგ გენეტიკურ ტესტს ვთავაზობთ ორსულობის 16 კვირაზე, რომელიც გულისხმობს ალფაფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინისა და თავისუფალი ესტრიოლის განსაზღვრას, რომლის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ორმაგი გენეტიკური ტესტისა, თუმცა ამით არ მთავრდება გენეტიკური კვლევების ნუსხა. არის მთელი რიგი კვლევები რომელიც 9 კვირიდან შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად ე.წ. ”პანორამა ტესტი”, ან ”ჰარმონია ტექსტი”… ”პანორამა ტესტის” ჩატარება ორსულობის ყველა ვადაზეა შესაძლებელი. თუკი ულტრაბგერითი კვლვევისას რაიმე ეჭვი გაჩნდა, მაგალითად 25 კვირის ვადაზე, როდესაც ორმაგი და სამმაგი ტესტების ჩატარება უკვე გვიან არის, ამ დროს გვაქვს საშუალება ”პანორამა” ან ”ჰარმონია” ტესტი ჩავატაროთ და გამოირიცხოს ესა თუ ის გენეტიკური პათოლოგია.

თუკი ანამნეზში არ აქვს რაიმე პრობლემა, არის ახალგაზრდა ორსული, არ აქვს გენეტიკური პათოლოგია და ერთი შეხედვით პრობლემა არ ჩანს, ამ დროს არის თუ არა რეკომენდირებული მსგავსი ტესტების ჩატარება?

ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ, სამწუხაროდ, გართულებისგან არავინ არის დაზღვეული, 20 წლის ასაკის ორსულ გოგონებში, 21-ე ქრომოსომის ტრისომიის ალბათობა არის 1100 ორსულზე ერთი, მაგრამ ის ერთი ვინ აღმოჩნდება არავინ იცის. 35 წლის ასაკის ორსულებში, 21-ე ქრომოსომის ტრისომიის ალბათობა გახლავთ ერთი სამასთან, 40 წლის შემდეგ კი ალბათობა ხდება ერთი 68-სთან. ორმაგი და სამმაგი ტესტი მაინც, ყველას უნდა შევთავაზოთ.

15182453_1813908412205191_803777961_oორსულები სიფრთხილით ეკიდებიან პროგესტერინის შემცველი მედიკამენტების მიღებას. რამდენად უსაფრთხოა და რა რისკებთან არის დაკავშირებული თუ არ მიიღებს ორსული, ან თუ მიიღებს, რა ხდება ამ დროს…

ყველანაირი კვლევის გარეშე მხოლოდ ფოლიუმის მჟავა ინიშნება, სხვა ყველა დანარჩენი მედიკამენტის მიღება ორსულობისას მკცარად უნდა იყოს დასაბუთებული კვლევებით. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ აქვს. თუკი ორსულს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება აქვს, რომ სჭირდება მედიკამენტი, რა თქმა უნდა ინიშნება. მოტანილმა სარგებელმა მოტანილ ზიანს უნდა გადააჭარბოს, ეს ეხება პროგესტერონს, ანტიბიოტიკს და ყველა სხვა დანარჩენ პრეპარატს.

რას იტყვით მშიშარა ორსულებზე, რომლებიც ყოველ კვირას მოდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად?

კვირაში ერთხელ ნამდვილად ზედმეტია, თუმცა, თვეში ერთხელ ორსული ქალბატონი აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან. ასე ქალი იმიტომ იქცევა, რომ ბევრი ცუდი ესმის გარშემო. ის, ვინც კვირაში ერთხელ ულტრაბგერით კვლევაზე მიდის, მისთვის ეს გარკვეული მედიკამენტი და დამამშვიდებელი ფაქტორია.

რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ორსულმა ყურადღება და მივიდეს ექიმთან დაგეგმილი ვიზიტის გარეშე?

თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი შესაძლოა ცუდი დაავადების მანიშნებელი იყოს. უმნიშვნელო თავის ტკივილი, ან წელის ტკივილი… აღარ ვამბობ არაფერს სისხლოვან გამონადენზე. ორსულობაში უმნიშვნელო სიმპტომი არ არსებობს.

ხშირად გვსმენია, რომ პირველ ტრიმესტრში გაციება, ვირუსი, გრიპი უფრო საშიშია, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ეს ნამდვილად ასეა, პირველი ტრიმესტრი ნაყოფის ორგანოებისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ნაყოფს არ აქვს არანაირი დამცავი მექანიზმები არ არის ჩამოყალიბებული პლაცენტა, რომელიც მისთვის ბარიერის როლს ასრულებს. ემბრიონი ამ დროს ისევე ხდება ავად, როგორც დედა. ნაყოფს აქვს დაუცველობის სინდრომი. თუ პირველი სამი თვე მშვიდად და წყნარად გადაიარა ორსულმა, მეორე-მესამე ტრიმესტრში ნაყოფს უკვე აქვს პლაცენტა და გაციება ნაკლებად საშიშია, თუმცა რა თქმა უნდა კარგი არ არის.

არსებობს თუ არა რაიმე პრევენცია გრიპისგან დასაცავად, უნდა აიცრას თუ არა ორსული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით?

მეორე-მესამე ტრიმესტრში აცრის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა, რა ვუყოთ პირველ ტრიმესტრს? ყველაფერი ჰიგიენის წესებზეა დამოკიდებული, საჭიროა: ცხვირში ”ოქსოლინის” მალამო, ოთახის განიავება, ხელების დაბანა, ჯანსაღი კვება, ნიღბით სიარული, სითხეების მიღება. ასევე, სასურველია ორსული მოერიდოს  საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიარულს. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად აგვარიდებს გრიპით დაავადების რისკს. რამდენად სახიფათოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, თქვენი მომდევნო შეკითხვა სავარაუდოდ ეს იქნება. იმდენად დიდ გართულებას იწვევს გრიპი, ეს არის მკვრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხება და ა.შ. რომ გიწევს ორ ცუდს შორის ნაკლებად ცუდი აირჩიო და ამ შემთხევაში, გრიპის საწინააღმდეგგო ვაქცინაციით მეტ პრევენციას აკეთებ.

რას იტყვით ინფექციურ დაავადებებზე ჩუტყვავილასა და წითელაზე?

პირველ ტრიმესტრში ძალიან საშიშია, თუმცა, თუკი ნაყოფი ”გადაურჩა” ვირუსით დასნებოვნებას, მეორე და მესამე ტრიმესტრი, როგორც წესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. წითელა და ჩუტყვავილა ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე წითურა.

უნდა გკითხოთ რადიოლოგიურ კვლევაზეც, რამდენად უსაფრთხოა და არის თუ არა ეს ნაყოფის დასხივება?

ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, პაციენტს თუნდაც სისხლოვანი გამონადენის დროს დახმარება აღმოვუჩინოთ. თუკი ორსული თუნდაც ყოველ კვირას გაიკეთებს ექოსკოპიურ კვლევას, ნაყოფს არანაირი ზიანი არ მიადგება.

გადავიდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორია თქვენი რეკომენდაციები?

ალკოჰოლსა და ნიკოტინზე არაერთხელ უთქვამთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებლად უარი უნდა თქვას ქალბატონმა არა ორსულობისას, არამედ ორსულობამდეც. ნიკოტინზე და ალკოჰოლზე ორსულის დამოკიდებულება იწვევს ნაადრევ მშობიარობას, მკვრადშობადობას, ნაყოფის განვითარების ჩამორჩენას და ა.შ. ჯანსაღი კვება კი გულისმობს: ცილოვან საკვებს, საქონლისა და ქათმის ხორცს, თევზს, ორსულმა უარი უნდა თქვას ღორისა და ცხვრის ხორცზე. აუცილებელია წვნიანი საკვები, რძის პროდუქტები და დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რაც ნაყოფის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტკბილის მიღება შეიძლება, თუმცა ზომიერად. ორსულმა 9 თვის განმავლობაში 12-13 კილოგრამმი უნდა მოიმატოს, ეს არის იდეალური.

რას გვეტყვით ნაყოფის წონაზე, ხშირია შემთხვევა როდესაც არის წონის დეფიციტი, ან ნაყოფი უსწრებს ვადას…

პირველი არის გენეტიკური ფაქტორი, თუკი დედა, ან მამა 4 კილოგრამზე მეტი დაიბადა, ელოდები რომ ნაყოფიც დიდი იქნება. აუცილებელია გესტაციური დიაბეტის გამორიცხვა. ამ დროს დიდია ნაყოფის წონა, ის ინსულინს მოჭარბებული რაოდენობით გამოიმუშავებს, იბადება ჰიპოგლიკემიით. 24-28 კვირის ვადაზე ყველა ორსულს უტარდება გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი, მაგრამ თუკი მემკვიდრეობაში შაქრიანი დიაბეტი, ან დიდ წონიანი ბავშვი აღინიშნება, გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი პირველივე ვიზიტზე ინიშნება. ამის შემდეგ მარტივია ორსულობის მართვა, მუდმივად ახსენებ, რომ სწორად იკვებოს. რაც შეეხება მცირეწონიანი ბავშვის დაბადებას, აქაც უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დაწყებული გენეტიკური ფაქტორით, დასრულებული გადატანილი დაავადებებით. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებური ჯირკვლის პრობლემაც. თუკი შენელებულია სისხლის,  ჟანგბადის მიწოდება, ხდება ნაყოფის ზომაში ჩამორჩენა. ეს ყველაფერი მოვლადია, მთავარია მაღალკვალიფიციურ სპეციალიტსთან მიხვიდეთ.

ვისაუბროთ მითებზე, მაგალითად იმაზე, რომ არ შეიძლება თმის შეღებვა, ან გულძმარვისას ნამდვილად აქვს თუ არა ნაყოფს ჭარბთმიანობა?

თმის შეჭრა რა თქმა უნდა შეიძლება და ეს მითია, თმის შეღებვა ასევე ნებისმიერ ვადაზე შეიძლება, თუმცა არ უნდა შეიცავდეს ამიაკს. გულძმარვა და ნაყოფის დიდი თმა, ასევე მითია. გულძმარვის დროს ორსულებს ვურჩევთ ხოლმე დაძინებამდე სამი საათით ადრე მიირთვან საკვები და მაღალი სასთუმალი გამოიყენონ.

ხშირად ორსულები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გაიკეთონ საკეისრო კვეთა…

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. კატასტროფულად მოიმატა საკეისრო კვეთების რაოდენობამ. რა თქმა უნდა ბუნებრივი სჯობს, ეს უდავოა. არცერთი ნაკეისრალი ქალბატონი ბოლოს არ არის კმაყოფილი საკუთარი გადაწყვეტილებით, თუ რა თქმა უნდა, არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება, მაგალითად: პლაცენტის წინ მდებარეობა, ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობა, როდესაც არ არის პირველი ნაყოფის თავით წინ მდებარეობა, თუ ნაყოფი 4 500 გრამზე მეტია, ამ დროსაც სასურველია საკეისრო კვეთა და ა.შ.

ბევრს საუბრობენ გაუტკივარებაზეც, როგორია თქვენი დამოკიდებულება და საშიშია თუ არა?

არანაირად არ არის საშიში, თუმცა, გაუტკივარების გაკეთების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეანმა. სანამ ექიმი, ორსული და ოჯახის წევრები ერთი გუნდი არ იქნება, საქმე არ გაკეთდება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g