მაღაზია Co.mode+ მოდის მოყვარულებისთვის მეორე მაღაზიას სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” გახსნის.
როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის დამფუძნებელმა, მთავარმა დიზაინერმა მარიამ ონიანმა განუცხადა, მაღაზია 50 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება, სადაც საწყის ეტაპზე 5 ადამიანი დასაქმდება.
”ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ თვის ბოლოს უკვე უნდა გაიხსნას ჩვენი რიგით მეორე მაღაზია, რომელიც ახალი სახელით – Co.Lab-ით იფუნქციონირებს. მაღაზიაში ახალი ხაზი იქნება წარმოდგენილი. თუ მანამდე ვქმნიდით ექსკლუზიურ სამოსს და შეკვეთებზეც ვმუშაობდით, Co.Lab-ი განსხვავებული იქნება იმით, რომ აქ უკვე მზა, შექმნილი კოლექცია გაიყიდება”, – განაცხადა ონიანმა.
მისივე ინფორმაციით, ტანსაცმელი იქნება ზომებში, თუმცა მცირე რაოდენობით.
გარდა ამისა, როგორც Co.mode+ ის დამფუძნებელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში მაღაზია ე.წ. უნისექსის ხაზსაც დაამატებს. ასევე იგეგმება, საბავშვო კოლექციის შექმნაც.
ამ ეტაპზე Co.mode+ თბილისში ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი და ის ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს.