გიორგი გაბუნია სუს-ში მის დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, ისე მოიქცევა, როგორც ნიკა გვარამია, რომელმაც როგორც უკვე ცნობილია, ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისურვა.
“მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და სუს-იც ამაში იყო ჩართული, უნდობლობა გვაქვს იმ გამოძიებების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მით უმეტეს, როდესაც ოდნავ მაინც პოლიტიკური ელფერი აქვს გამოძიებას, მით უმეტეს, როცა მთავარ არხს ან ნიკა გვარამიას ეხება, უკვე ძალიან რთულია 100-პროცენტიან ნდობაზე ისაუბრო”, — განაცხადა გაბუნიამ ტვ პირველის ეთერში.
გარდა ამისა, გაბუნია კადიროვის ახალ მუქარასაც გამოეხმაურა.
“შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა უცნაურია, მაგრამ ჩემთვის კადიროვი კომიკური ფიგურაა, პუტინი არა. პუტინს აქვს ძალაუფლება, რომელსაც ძალიან ცუდად იყენებს. კადიროვი კომიკური ფიგურაა, თავისი ვიზუალიდან დაწყებული, საუბრით და ყველაფრით დამთავრებული. ვიცი, რომ მასაც აქვს ძალაუფლება, რომელსაც ცუდად იყენებს…
მთელი უბედურებაც ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების უნდა გეშინოდეს… რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, მაგრამ სიკვდილის შიში არ მაქვს. ისიც ვიცი, რომ საქმე მხოლოდ მე არ მეხება…
ძალიან ბევრი დაშინდება, ეს ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში მუშაობს…მაგრამ კადიროვს შემიძლია ვუპასუხო იმით,რ ომ ჩემი პოზიცია არ იცვლება, ვფიქრობ ზუსტად იმას, რასაც მანამდე, მის ძვირფას პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შემიძლია. ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკი ზედმეტია. მუხლებზე დაჩოქილს ვერავინ ვერ მნახავს, მოუწევს ამისთვის ჩემი მოკვლა და მერე ჩემი გვამი დააჩოქოს მუხლებზე თუ უნდა… მე ცოცხალს მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი მნახავს და ვერც მისი პუტინი”- თქვა გაბუნიამ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/267686414450138/