„გამოგვეხმაურეთ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონები , 23-30 წლამდე, სიმაღლე 170 სმ. და მეტი… გამოგზავნეთ 2 ფოტოსურათი, (ერთი – 3/4 ფერადი ფოტო და მეორე – სრული ვიზუალით)“.
დასაქმების პოპულარულ საიტზე გამოქვეყნებული გამყიდველის ვაკანსია ინტერნეტსივრცეში ხუმრობის და განხილვის თემად იქცა.
„ცოლს ეძებს თუ გამყიდველს“, „ ვაკანსიაში სასიამოვნო გარეგნობის მოთხოვნა დისკრიმინაციაა“ – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
უცნაური მოთხოვნები, ფუნქციების ვრცელი ჩამონათვალი და მინიმალური ანაზღაურება ქართული შრომის ბაზრის დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა, გაცილებით რთული შემთხვევებიც გვხვდება, როცა ხელფასის მიღების ნაცვლად, დამსაქმებელს იქეთ უნდა გადაუხადო.
პირამიდის პრინციპზე მომუშავე კომპანიები
ვაკანსიების განთავსების ცნობილი ინტერნეტპორტალების გარდა, განცხადებები დასაქმების შესახებ მეტროს ამოსასვლელებში, ავტობუსის გაჩერებებზე, სადარბაზოს, ლიფტის ან შენობის ფასადებზეც შეიძლება, შეგხვდეთ. ასეთ განცხადებებს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აერთიანებს – სამუშაოს ბუნდოვანი აღწერილობა, დაუკონკრეტებელი სახელფასო ანაზღაურება და უცნობი კომპანია.
45 წლის ინგა ნოზაძემ გაზეთში დასაქმების საინტერესო ვაკანსია ნახა. უცხოური კომპანია სატელეფონო ოპერატორს ეძებდა . ანაზრაურება სამუშაო დროის მიხედვით 300-500 ლარამდე იყო განსაზღვრული.
მითითებულ ნომერზე დარეკვისას განცხადების ავტორმა კომპანიის მენეჯერთან გადაამისამართა, ამავდროულად დაჟინებით მოითხოვა, ადგილზე მისვლისას ვაკანსიის ავტორის პერსონალური 4-ნიშნა კოდი ეთქვა.
„ სამთო ქიმიის შენობაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ იგივე პოზიციაზე კიდევ 10- მდე ადამიანი იყო მოსული. კომპანიის მენეჯერმა მოკლედ გაგვაცნო, რომ სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად კომპანიის შესახებ ინფორმაციის შესწავლა და ტრენინგის გავლა იქნებოდა საჭირო, ტრენინგის საფასური 30 ლარს შეადგენდა. რა კომპანია იყო, რა უნდა შეგვესწავლა ან რა ინფორმაცია უნდა გაგვეცა, ამაზე კონკრეტულად არც სატელეფონო საუბრის და არც მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ არ მიგვიღია ინფორმაცია,” – გვიყვება ინგა ნოზაძე.
ე.წ. უცხოურ კომპანიას დასაქმებისთვის საჭირო ტრენინგის 30 ლარი საბოლოოდ 7 ადამიანმა გადაუხადა. ტრენინგის პირველივე დღეს გაირკვა, რომ სატელეფონო ოპერატორის ფუნქცია რეალურად მცენარეული მალამოების ტელეფონის მეშვეობით გაყიდვას გულისხმობდა. ანაზღაურება გაყიდული პროდუქციიდან დაანგარიშდებოდა, კომპანიაში ახალი კადრის მიყვანის შემთხვევაში კი, ბონუსიც დაემატებოდა.
მუშაობა ჩვენს რესპოდენტს აღარ გაუგრძელებია. ხელფასის ნაცვლად მის მიერ ე.წ. ტრენინგში გადახდილი 30 ლარი კი გაურკვეველი კომპანიის შემოსავლად იქცა.
ასევე “უცხოურ კომპანიაში“ მოხვდა 19 წლის ლიკაც. მან საინტერესო ვაკანსია ლიფტის კარზე ნახა გამოკრული.
„წავიკითხე, სტუდენტებს ეძებდნენ მოქნილი სამუშაო გრაფიკით, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ანაზღაურება 1000 ლარამდე. განცხადება ისე მომხიბვლელად ჟღერდა, დამავიწყდა უფასო ყველი რომ მარტო სათაგურშია და მეგობრებთან ერთად მივედი. გაგვატარეს ტრენინგი, როგორ უნდა გაგვეყიდა პროდუქცია, შემდეგ დაახლოებით 30-40 ლარიანი უთოები და ჩაიდნები ჩამოგვირიგეს, რომელიც კარდაკარ ჩამოტარებით 150 ლარად უნდა გაგვეყიდა. ჩემსავით მოტყუებულ ერთ ადამიანს ერთი ნივთიც რომ გაეყიდა, მაინც მოგებულები რჩებოდნენ,“ -გვიყვება ლიკა.
“ფორტუნას” ექსპერიმენტი
“მაღალანაზღაურებადი” სამსახურის საპოვნელად „ფორტუნამ“ ექსპერიმენტი ჩაატარა. ავტობუსების გაჩერებაზე გამოკრული განცხადებით, დამსაქმებელი ოფისში მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე სასიამოვნო გარეგნობის გოგონას ეძებდა. მითითებულ ნომერზე დარეკვისას ჯერ დაკავება იყო, შემდეგ თავად გადმორეკეს:
– გამარჯობა, ვაკანსიასთან დაკავშირებით გირეკავდით, მენეჯერის ასისტენს ეძებთ?
-დიახ, ახლადგახსნილი კომპანია ვართ და საოფისე თანამშრომლები გვჭირდება…
-რა იქნება ჩემი მოვალეობა?
-მენეჯერის ასისტენტი იქნებით და ზარებს უპასუხებთ, მოსულ ხალხს დახვდებით
-ხელფასი არ იყო მითითებული და…
-ხელფასი გამომუშავებით გექნებათ
-ზარებზე პასუხით ან სტუმრების დახვედრით რა პრინციპით უნდა გამოვიმუშაო ხელფასი?
-იცით, გოგონა სავაჭრო კომპანია ვართ, ვყიდით ნივთებს, მთელი ლექცია უნდა ჩაგიტაროთ ახლა ტელეფონით? მობრძანდით ოფისში და აქ აგიხსნით
-ჩემს მეგობარსაც უნდა მუშაობა და შეიძლება წამოვიყვანო?
-კი, კი, ადგილები ბევრი გვაქვს ჯერ ახლები ვართ…
-მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე ადგილები შეუზღუდავია ?
ბოლო კითხვით (და სავარაუდოდ ამდენი კითხვით) გაღიზიანებულმა დასაქმების აგენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაკანსის პირობებზე ტელეფონით საუბარს ოფისში მისვლა ჯობდა. ე.წ. ” სავაჭრო ოფისი” სამთო ქიმიის შენობაში არსებული ერთი ოთახი აღმოჩნდა. ადგილზე მისვლის შემდეგ აუცილებლად მისი გვარი უნდა დამეფიქსირებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გავარკვევდი მუშაობის პრინციპს. გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი რესპოდენტების მსგავსად, ჩვენც პირამიდის პრინციპით მომუშავე “ოფისში” მოვხვდით.
ფინანსისტ პაატა ბაირახტარის განმარტებით, ბუნებაში ფინანსური პირამიდის ორი მოდელი გვხვდება. ერთი, რომელიც კლასიკური ფინანსური პირამიდის პრინციპით მუშაობს, რაც მენაბრეებისგან არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე თანხების მოზიდვაში გამოიხატება. პირამიდის მეორე მოდელი ქსელური მარკეტინგის პრინციპზეა დაფუძნებული და ნივთების საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გაყიდვით იღებს შემოსავალს.
გასათვალისწინებელია, რომ ქსელური მარკეტინგი აუცილებლად ფინანსურ პირამიდას არ ნიშნავს, ქსელური მარკეტინგი დასავლურ ქვყნებში დამკვიდრებული, სწრაფადმზარდი ბიზნესია, რომელიც კარგად მოარგეს თავიანთ სქემას თაღლითურმა კომპანიებმა. მუშაობის სქემა მარტივი და დახვეწილია. ნივთებს, რომლის საბაზრი ღირებულება ძალიან დაბალია, არაადეკვატურ მაღალ ფასად ყიდიან და ამბობენ, რომ ფასს ნივთის არამატერიალური, მაგალითად, აურის გამწმენდი თვისება განსაზღვრავს.
კომპანიაში ყველა გაწევრიანებულს ერთი ან რამდენიმე ახალი წევრის “გადაბირება” ევალება, რომლებიც თავად შეიძენენ ან სხვას მიჰყიდიან ნივთს, საბოლოოდ შემოსავლები პირამიდის წვერში მყოფ პირთანთან ილექება.
“აფბას” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იურიდიული თვალსაზრისით კომპანია მართალია. ოფიციალურად სავაჭრო საქმიანობით არის დაკავებული – ნივთებს ყიდის.
„საზღვარგარეთ ასეთი კომპანიების წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით სასამართლო დავები ხშირია. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ თავს მოტყუებულად ბევრი მიიჩნევს, მსაგვსი სამართლებრივი დავები არ შემხვედრია. ჩვენს რეალობაში ხშირად ასეთი კომპანიის საქმიანობის შესწავლას ფინანსური პოლიცია იწყებს. ამ დროს კომპანია იკეტება, იცვლის სახელს, ოფისს და ა.შ. საუკეთესო გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილება იქნება, რომელიც გააკონტროლებს და რეგულაციებს დაუწესებს ამ კომპანიებს,“ – ამბობს პაატა ბაირახტარი.
ფინანსურ პირამიდის პრინციპით მომუშავე კომპანია, რამდენიმე ნიშნით შეიძლება ამოვიცნოთ:
- ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით არარელევანტურად მაღალი ფინანსური სარგებელი;
- მაშტაბური, მუდმივრეჟიმში მოქმედი საინფორმაციო, საიმიჯო კამპანიები საზოგადოებაში პოზიტიურად აღქმადი პირების მონაწილეობით;
- ფსიქოლოგიური დამუშავების მცდელობა ე.წ. ტრენინგებზე;
- დამსაქმებლის მხრიდან რაიმე გადასახადის ან ინვესტიციის ჩადების მოთხოვნა.
სპეცილიასტები მოქალაქეებს ასეთ კომპანიებსი დასაქმებისკენ თავის შეკავებს ურჩევენ. პირამიდაში საწყის ეტაპზე ჩათრეულმა ადამინებმა მოკლევადიანი მოგება მართლაც შეიძლება ნახონ, თუმცა, საბოლოოდ გადმობირებული ადამიანების რესური იწურება და სქემაც ჩამოშლისთვის არის განწირული.
თამუნა გოგუაძე