გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისის ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა დაიწყეს, „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება. ავიაკომპანია არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – წერია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.
„ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.