LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში – რა სიახლეები ელით თხილის ექსპორტიორებს

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, HACCP, დანერგოს. ეს სისტემა გულისხმობს, რომ ბიზნესოპერატორმა თხილის ექსპორტისას, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა აიღოს; ამასთან, აუცილებელი იქნება, ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს წარუდგინოს.

სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ „ფორტუნას“ HACCP-ის სისტემის ძირითადი მიმართულებები განუმარტა.

 

„ჩვენი კანონმდებლობით, რომელიც ჩვენი სამოქმედო გეგმის ძირითადი დოკუმენტი გახლავთ, განსაზღვრულია სხვადასხვა პროფილის რომელ საწარმოებს ევალებათ, რომ მათ დანერგილი ჰქონდეთ ეს სისტემა. ეს არის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები. სისტემის დანერგვას უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კერძო კონსულტანტი ფირმები. თუ კომპანიას სურს, რომ აიღოს სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ სისტემა კარგად არის დანერგილი, საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავთ მასერტიფიცირებელი ორგანოები,“ – განმარტავს თენგიზ კალანდაძე.

 

კალანდაძის ინფორმაციით, კანონმდებლობით განსაზღვრული იყო, რომ ხარისხის ის სისტემა, რომელიც სურსათის უვნებლობის მართვის მაღალი ხარისხის გარანტიას გულისხმობს, უნდა ჰქონოდათ დანერგილი რძის გადამამუშავებელ მწარმოებლებს და სასაკლაოებს. ახლა ცვლილება შედის თხილის რეგლამენტში და როგორც კალანდაძე განმარტავს, ეს სისტემა ახლა უკვე დანერგილი უნდა ჰქონდეთ თხილის ექსპორტიორებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თხილის ექსპორტიორს საწარმოში არ აქვს მსგავსი სისტემა, ის პროდუქციას ექსპორტზე ვერ გაიტანს.

რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევას, თენგიზ კალანდაძის თქმით, მწარმოებელს მის ჩატარებასაც ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს.

 

„ლაბორატორიული კვლევა არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ამ სისტემისა, ხოლო მისი მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ აქ უზრუნველყოფილი იყოს თვითონ ტექნოლოგიურ პროცესში სრული ტექნოლოგიური მიმართულებები და აღჭურვილობა რამდენად არის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში,“  – ამბობს კალანდაძე.

კალანდაძის თქმით, ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს ისეთი ფალსიფიციკაციის ფაქტები, რომლებსაც ადრე ადგილი ჰქონდა.

 

„რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ ქართულ თხილში შერეული იყო მიწის თხილი და ეს ეტიკეტზე არ იყო მითითებული, ამიტომ ჩვენ არ დავეყრდენით მხოლოდ ლაბორატორიულ კონტროლს, რომელიც ახლა ტარდება და შემოვიღეთ უფრო მაღალი ხარისხის სისტემა, რომელიც სხვა საწარმოებს უკვე დანერგილი აქვთ,“ – აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე „ფორტუნასთან“.

 

ეკონომიკის ექსპერტები „ფორტუნასთან“ ახალი სისტემის ცვლილებებს კრიტიკული თვალით უყურებენ. ზვიად ხორგუაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნიდან გასატანი თხილის ლაბორატორიულ კვლევას ეხება. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან კვლევის ჩასატარებლად დამატებითი ხარჯები იქნება საჭირო, მცირე მეწარმეთა ნაწილი ფინანსურად იზარალებს.

 

„ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია ქმნის დამატებით ხარჯს, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი პროდუქცია ძვირდება და ყველაზე მეტად ამით წვრილი მეწარმეები იზარალებენ, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, გაწიონ ის ხარჯი, რაც რეგულაციას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი კონკურენციაზე უარყოფითად აისახება. სხვა თანაბარ პირობებში, როცა ბიზნესმენს ან ფერმერს უძვირდება პროდუქცია, ეს პროდუქციის ფასში აისახება,“ – ამბობს ხორგუაშვილი „ფორტუნასთან“.

 

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მსხვილი და წვრილი მეწარმეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას პროგნოზირებს ეკონომიკის ექსპერტი, პაატა შეშელიძეც. მისი განცხადებით, ის მეწარმეები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გზავნიან, ვალდებულნი არიან, პროდუქტს ევროკავშირის ნორმით დადგენილი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარონ, რათა ხარისხი დადგინდეს. შეშელიძისთვის უცნობია, რატომ უნდა გაიღონ დამატებითი ხარჯი იმ მეწარმეებმა, რომლებმაც დანამდვილებით არ იციან, გავა თუ არა ან/და როდის გავა ქართული თხილი ევროპის მიმართულებით.

 

„ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ფული იმაში, რაც შეიძლება, მერე არ გამოგვადგეს? ჩემი აზრით, ასეთი რეგულირება საქართველოსთვის იქნება ტვირთი. თუ ვინმეს აქვს გამიზნული, რომ პროდუქტი საქართველოდან ევროპაში წაიღოს, იმან იზრუნოს ამ საკითხზე და დააკმაყოფილოს ის სტანდარტი, რომელიც ევროპას აქვს დაწესებული. ეს ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს გაუჩნდებათ პრივილეგია, ჰქონდეთ თავისი პირობები, რითაც შესაძლოა, თანხის ხელოვნური გამსხვილებები გამოიწვიონ. ხელოვნური, ამ შემთხვევაში, იქნება ცუდი იმიტომ, რომ ადამიანებს პირიდან ლუკმას წაართმევენ,“ – განმარტავს შეშელიძე.

 

როგორ აისახება ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტზე?!

ეკონომისტები თანხმდებიან იმაზე, რომ რთულია, კონკრეტულად იმ მეწარმეთა რაოდენობაზე მსჯელობა, რომელთა პროდუქტი მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. არსებული ფინანსური, ადამიანური თუ ტექნიკური რესურსიდან გამომდინარე, მსხვილი მეწარმეები ხარისხის კონტროლს გააუმჯობესებენ და არც კვლევის ჩატარების პრობლემის წინაშე დადგებიან, თუმცა სუსტ რგოლად, ამ შემთხვევაშიც, ისევ წვრილი მეწარმეები და ფერმერები რჩებიან, რომელთა რაოდენობა თხილის ბიზნესში მსხვილ მეწარმეებზე გაცილებით დიდია.

სამეგრელოს თხილის ქარხნის დირექტორი, გიზო ჭირღულია „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როცა საქართველოში გაკეთებული ლაბორატორიული დასკვნა არ ემთხვევა ევროპის მოთხოვნებს, რაც გაუგებრობას ქმნის. მისი თქმით, ბევრ ქარხანას კვლევის ჩასატარებლად საჭირო თანხების გამოყოფა არ გაუჭირდება, თუმცა ჭირღულია საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას მოუხერხებელს უწოდებს.

 

„ევროპა ამ დოკუმენტაციას უნდა ცნობდეს. თუ არ ცნობს, მაშინ ფაქტობრივად გამოდის, რომ ფარატინა ქაღალდის გამო უნდა გადავიხადოთ თანხა. ეს დროის ამბავიც არის, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ ლაბორატორიულ დასკვნას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, ხუთ სამუშაო დღეში მზადდება. ამიტომ, როცა სისტემა მოქნილი არ არის, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ბიზნეს სექტორისთვის. კონკრეტული კვლევისთვის გადასახადი 300 ლარი იქნება თუ 400, მსხვილი მწარმოებლისთვის დიდად არ იმოქმედებს, აქ პრობლემას მოუქნელობა და დროში წელვადობა შექმნის. ეს ცვლილება ძალიან მოუხერხებელია,“ – ამბობს გიზო ჭირღულია.

 

ჭირღულიას თქმით, ხშირად ხდება, როცა მომხმარებელი მწარმოებელს წინა დღეს უკავშირდება, კონკრეტული ოდენობით თხილის შეკვეთას აძლევს და ქარხანა თხილის ექსპორტისთვის ემზადება. ამ შემთხვევაში, ეს ციკლი შესაძლოა დაირღვეს, რადგან, როგორც გიზო ჭირღულია ამბობს, მინიმუმ 5 დღეა იმისთვის საჭირო, რომ აუცილებელი კვლევა ჩატარდეს, მომხმარებელი ვერ მოიცდის, როგორც ჭირღულია ამბობს, ეს კი იმ პირობებში, როცა ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე უკონკურენტო ნამდვილად არ არის.

 

„შესაბამისად, უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ქვეყნიდან ქართული თხილის ექსპორტი იკლებს, შემდეგ მწარმოებლები იძულებული ვიქნებით, დარჩენილი მარაგი პირდაპირ ქართულ ბაზარზე, დაბალ ფასში გავიტანოთ, რაც, რასაკვირველია, სახელმწიფო ბიუჯეტზეც აისახება,“ – განმარტავს ჭირღულია.

 

„ფორტუნას“ კითხვას, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს HACCP-ის სისტემის დანერგვამ სახელმწიფო ბიუჯეტზე, პაატა შეშელიძე რიტორიკული კითხვით პასუხობს.

 

„პირს, რომელსაც უნდა, რომ ჯიბეში ჩაგიძვრეს, სახელმწიფო ბიუჯეტზე ფიქრობს?! არ მგონია… ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აისახება კონკრეტული ცვლილება კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტზე. ამ პროცედურამ, არ მგონია, კარგი შედეგის მიღწევას ხელი შეუწყოს,“ – ამბობს შეშელიძე.

 

აღსანიშნავია, რომ HACCP-ს სისტემის დანერგვის ვალდებულება თხილის ექსპორტიორებს მიმდინარე წლის იანვრიდან გაუჩნდათ, თუმცა მაშინ მხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულზე იყო საუბარი.

11 მაისის დადგენილება, საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის შემოღების შესახებ,  2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

თათია კაკიაშვილი

mazda magti 5g