საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი, კანონის სრული სიმკაცრით, დაისაჯოს, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ქართული მხარის მოთხოვნით, აღდგა გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი და განხილული იყო, 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხი.
”ჩვენი ამოცანაა, რომ დაისაჯოს მკვლელობის ჩამდენი პირი ან მასთან დაკავშირებული პირები, ბუნებრივია, ქართული კანონმდებლობით. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირის გადმოცემას. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. ინცინდენტების პრევენცისა და მატზე რეაგირების ჯგუფის მეორე შეხვედრა ივლისის დასაწყისში ჩაინიშნა” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემა აღნიშნა, დღეს გამართულ შეხვედრაზე არ დაადასტურეს ინფორმაცია მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრების შესახებ. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავარმა პროკურატურამ საქმე აღძრა და საერთაშორისო ძებნაზე ცირკულარი უკვე დაგზავნილია, რათა ოთხოზორიას მკვლელზე საერთაშორისო ძებნა დაიწყოს.
”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა და ამას არ აქვს სამართლებრივი განზომილება, ვინაიდან ჩვენ ვესაუბრებით საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო წარმომადგენლებს” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
