დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მერიის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ გახდა სანიაღვრე ჭების ასფალტით დაფარვა აუცილებელი.
„მეგობრებო, ეს არის სანიაღვრე ჭის თავი. დაახლოებით ასე გამოიყურება, ვიდრე ასფალტის რამდენიმე ფენით დაიფარება.
იგივე სურათი გვექნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის სრულ დამთავრებამდე, რაც ხელს შეუშლიდა ავტომანქანების გადაადგილებას. სწორედ ამიტომ მოხდა სანიაღვრე ჭის თავების დროებით დაფარვა ასფალტის საფარქვეშ.
გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო რეაბილიიტაციის ბოლო ეტაპი (რაც დაანონსებული იყო ორი დღით ადრე) და სანიაღვრე ჭის თავები გასწორდება ასფალტის შესაბამის ნიშნულზე.
რასაკვირველია, არ არის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ყველამ იცოდეს, მაგრამ როდესაც მედია ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებას და არც კითხულობს ამბავს, ამას ქვია საზოგადოების მოტყუება და დეზინფორმირება. #წერტილი“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ თბილისის მერიას, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების დაერთება დაავიწყდა და დაგებული ასფალტი ხელახლა აყარეს.