9 აპრილის ცნობილი ფოტოდან შავდროშიანი გოგონა, წლების განმავლობაში ემიგრაციაში, იტალიაში ცხოვრობდა.
მარი მახარაძის იტალიელი მეუღლე ხუმრობს, რომ ცოლად საქართველოს თავისუფლების სიმბოლო მოიყვანა, თავად ფოტოს გმირი კი ამბობს, რომ ფოტო საკუთარ თავთან არასოდეს გაუგივებია და კადრში რიგით ქართველ გოგონას ხედავს იმ ათასიდან, ვინც 1989 წლის აპრილის დღეებში თავისუფლებისთვის იბრძოდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარი საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა. ამბობენ, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.
მას შემდეგ, რაც მარი საქართველოში დაბრუნდა, ბევრმა მისმა მეგობარმა, ეს კარგ ნიშნად მიიჩნია და წერენ, რომ შეიძლება 9 აპრილის სიმბოლოს სამშობლოში დაბრუნებით, საქართველოში ნათელი დღეები დაბრუნდეს.
სამშობლოში დაბრუნებულ მარი მახარაძეს „ფორტუნა“ ესაუბრა.
– მარი, რამდენი წელი ცხოვრობდით იტალიაში?
– 2011-2022 წელი ეს არის ის პერიოდი, რომელსაც ჩემ ცხოვრებაში ემიგრაცია ჰქვია. ამბობენ, ამ ცხოვრებას „წუთისოფელი“ ჰქვიაო, მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერი ემიგრანტისთვის, სამშობლოსგან და საკუთარი ოჯახიდან შორს, თითოეული დღე საუკუნის ტოლფასია.
– რა სირთულეები შეგხვდათ ემიგრაციაში?
– ემიგრაცია ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. ეს პროცესი გარდაცვალებას და ხელახალ დაბადებას ჰგავს, ყველა თანამდევი პროცესებით. თავიდან იწყებ ენის სწავლას და ფეხის ადგმას ახალ გარემოში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანები შეგხვდებიან ამ გზაზე. არ არის იოლი ნდობის მოპოვება, იქ სამსახურებსაც არავინ არიგებს. ჩვენნაირი ემიგრანტების არმიაა ევროპის საზღვრებთან, ზოგს უმართლებს, ზოგს კი სამწუხაროდ – არა.
– როგორ გახსენდებათ წლები, რომელიც იტალიაში გაატარეთ?
– იტალიას მუდმივად გადავუხდი მადლობას, იმ სიყვარულისთვის და იმ ადამიანებისთვის ჩემთვის რომ გაიმეტა. ის, მუდამ იქნება ჩემ გულში, როგორც ადგილი სადაც სულ მელიან, რადგან იქ მე ჩემი მეორე ოჯახი დავტოვე. ვიმედოვნებ მალე შევხვდებით უკვე ქართულ მიწაზე.
– მეუღლე როგორ გაიცანით?
– შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. იტალიელის კვალობაზე ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ადამიანია. ჩემამდე საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა. ახლა კი მეამაყება, რომ არა მხოლოდ მან, არამედ მისმა ოჯახმა, მეგობრებმა თუ თანამშრომლებმა იციან ჩემი ქვეყნის შესახებ. აქვთ უდიდესი სურვილი საქართველოს მონახულების და მოგზაურობის.
– როცა გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– ქორწინების პირველსავე წელს ჩამოვედით საქართველოში. ეს იყო 2017 წელი, სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ აქ უნდა ეცხოვრა. პირველივე შეხვედრა მისთვის ამ უცხო ქვეყანასთან უდიდესი სიყვარულით დამთავრდა. ყველაზე მეტად ქართველი ხალხი მოსწონს. „თქვენ გაჭირვებასაც იუმორით და ღიმილით ხვდებითო“ ხშირად იმეორებს.
– როგორ შეეგუა საქართველოში ცხოვრებას და უკვე ხომ არ ასწავლეთ ქართული?
– აინტერესებს საქართველოს ისტორია, კულტურა, აღფრთოვანებულია ქართული ცეკვით, ოცნებობს სუხიშვილების კონცერტზე დასწრებას, ყოველდღე ერთი საათი ცდილობს, დაუთმოს ქართული ენის შესწავლას, თუმცა ძალიან უჭირს ჩვენი თანხმოვნების გამოთქმა.
– რა სირთულეები შეგხვდათ ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულს?
– დაბრუნება იოლი ნამდვილად არ არის. უკვე მერამდენედ მიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ უკვე აქ ვარ, ჩემ ქვეყანაში და იმედს ვიტოვებ, რომ ვიპოვი საკუთარ ადგილს. სიამოვნებით განვიხილავ ყველა საქმიან შემოთავაზებას.
ფოტოზე ჩემი და მარკოს ორი შვილია
– სამწუხაროდ საქართველოდან წასვლას ბევრი ფიქრობს, თქვენ კი დაბრუნდით. რა გეგმები გაქვთ და რას ეტყოდით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს?
– არავის უნდა საკუთარი ოჯახის დატოვება. არავის უნდა მშობლების გარეშე დატოვებული და აცრემლებული შვილები, ქართველი ემიგრანტი ხომ განსხვავებული ფენომენია. ათასი რჯულის ხალხი გავიცანი ემიგრაციაში, თუმცა არასდროს მიგრძვნია ისეთი სევდა, რაც ქართველებს სულ თან გვდევს. უკან დაბრუნების ყველაზე დიდი შიში, საკუთარ ქვეყანაში თვითრეალიზებაა. ემიგრანტებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის, ისინი ხომ ჩვენი დროის გმირები არიან. თავიანთი სათქმელი ემიგრანტებმა საკუთარი სიცოცხლის გადადებით უკვე თქვეს. ახლა ქვეყნის ჯერია, იმ ადამიანების ჯერია, ვისაც ამ ქვეყანაზე ზრუნვა ევალებათ.
მე ვიტოვებ უდიდეს იმედს, რომ ჩვენები მალე დაბრუნდებიან.