სამი სპეცრაზმელი, რომელიც გუშინელი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაიჭრა, საღამოს თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, ის ბარძაყის არეში იყო დაჭრილი და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
3 დაჭრილი სპეცრაზმელი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო, თუმცა ისინი დილიდან ქირურგიულ პალატებში მოათავსეს.
„დაშავებულებს, ძირითადად, აღენიშნებოდათ კიდურებში მიღებული დაზიანებები, რომლის გამოც მათ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ოპერაციის შემდეგ სპეცრაზმელები ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებენ მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია,“ – განაცხადა ქირურგიული სამსახურის უფროსმა, იოსებ აბულაშვილმა.
გუშინ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სპეცრაზმელების მოსანახულებლად საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიოგი გახარია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ.
