LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#დაეხმარეადგილობრივს – ქვეყანაში მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

32
#SupportLocal - GEO

USAID/Zrda პროექტის ინიციატივით, სოციალური მედია კამპანია #დაეხმარეადგილობრივს დაიწყო, რომელიც პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ვითარების პერიოდში საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე ბიზნესების დახმარებას ემსახურება.

ახალ კამპანიასა და მის მიზნებზე დეტალურად „ბიზნესნიუსის“ ეთერში პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ ისაუბრა.

– უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ, რას გულისხმობს კამპანია „დაეხმარე ადგილობრივს“?

ეს არის ჩვენი პროექტის მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ვითარების პერიოდში, საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე ბიზნესების დახმარებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში, შეძლებთ გაიცნოთ და მხარი დაუჭიროთ მეწარმეებს, ფერმერებს, რეწვის ოსტატებს, ტურ-ოპერატორებს, და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ დამზადებულ პროდუქციას და სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს.

#დაეხმარეადგილობრივს კამპანიის მეშვეობით USAID/Zrda მოუწოდებს ფართო საზოგადოებას, შეიძინონ მცირე მეწარმეების პროდუქტები, რათა დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, მიღებული შემოსავლები კი მოახმარონ თავიანთ ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

– რა პერიოდზეა გათვლილი ეს პროექტი, საიდან სადამდე გაგრძელდება? ვინ შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას?

ჩვენ უკვე ორი კვირაა დავიწყეთ ეს კამპანია და გავაგრძელებთ მანამდე, სანამ არსებობენ ბიზნესები, რომლებსაც აქვთ ინტერესი და სურვილი, რომ ჩაერთონ ამ კამპანიაში. რაც შეეხება მონაწილეობას, ძირითადად, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი უშუალო ბენეფიციარების პოპულარიზაციით, ვინაიდან, ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით ძალიან ბევრ ბიზნესთან, ბევრ წვრილ მეწარმესთან კონკრეტულ რეგიონებში… შესაბამისად, ჩვენი კამპანია დაიწყო იმით, რომ დავხმარებოდით ჩვენს ბენეფიციარებს, რომლებსაც კარგად ვიცნობთ უკვე და კარგად ვიცით მათი პროდუქციის შესახებ. ისინი ჩართულნი არიან ჩვენს ძალიან ბევრ პროგრამაში, ეს არის: საგრანტო პროგრამები, ტრენინგები, საინფორმაციო სესიები თუ სხვა. თუმცა, იმის გამო, რომ დიდია ინტერესი და ბევრმა გამოხატა სურვილი, რომ ჩართულიყო ჩვენს კამპანიაში, არ არის ჩვენთვის პრობლემა, რომ იმათაც დავეხმაროთ ვინც ჩვენი ბენეფიციარი არ არის და მათ შესახებაც მივაწოდოთ ინფორმაცია დიდ აუდიტორიას.

– მას შემდეგ, რაც ეს კამპანია დაიწყო, როგორია გამოხმაურება მცირე ბიზნესების მხრიდან? 

გამოხმაურება ძალიან დიდია. კიდევ და კიდევ მოგვდის ინფორმაცია იმ პატარა ბიზნესების შესახებ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ შეცვალონ თავიანთი მიდგომა, სერვისები, გადავიდნენ ონლაინ პლატფორმებზე, გამოიყენონ სხვადასხვა ხერხები იმისთვის, რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქციაა. ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ კამპანიის ფარგლებში, ახალი პროდუქცია გავაცნოთ მომხმარებელს. რაც მთავარია, ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან გამომხმაურება ჩვენ მიერ გავრცელებულ თითოეულ პოსტზე. ადამიანები რეკავენ, კითხულობენ სხვადასხვა პროდუქციის შესახებ, კითხულობენ სად დაუკავშირნენ მეწარმეებს, როგორ შეიძინონ, როგორ მოხდება თბილისში ჩამოტანა… ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ ინფორმაციას ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ჩაერთონ თვითონაც ამ კამპანიაში და დაეხმარონ ადგილობრივებს და შეიძინონ მათი პროდუქცია.

USAID/Zrda – ამ პროექტის ფარგლებში რა კამპანიები ჩაგიტარებიათ გასულ წლებში?

ჩვენი პროექტი მიმდინარეობს უკვე 2016 წლიდან და ჩვენ ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვადასხვა სერვისების განვითარების კუთხით. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს ნამუშევარი იმისთვის, რომ დავხმარებოდით სახელმწიფოს და კერძო სექტორს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ჩაგვიტარებია არაერთი კამპანია, ან თუნდაც აქტივობა იმის მიხედვით, რა საჭიროები იყო ქვეყნის წინაშე, ან ზოგადად, სექტორის წინაშე სხვადასხვა დროს. მაგალითისთვის, პანდემიის დასაწყისშიც გვქონდა ჩვენ ასეთი კამპანია, რომ ვცდილობდით კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ჩვენს ბენეფიციარებს შორის დაგვემყარებინა კონტაქტები და მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი მათთვის პროდუქციის რეალიზაციაში.

– და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც გითხარით, უკვე 4 წელი გავიდა ჩვენი პროექტის ფუნქციონირებიდან და კიდევ ერთი წელი გვაქვს დარჩენილი. პანდემიამ, სამწუხაროდ, შეაჩერა რაღაც მიმართულებები, რომლებიც გვინდოდა, რომ განგვეხორციელებინა, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ოპერირებას ჩვეულებრივად. გვაქვს არაერთი საინტერესო პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე ტურიზმის მიმართულებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g