16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ.
მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები“, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე“ – ამის შესახებ გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.
რაც შეეხება კომპანია „ბიურო ვერიტასს“, ის 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება. კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების. „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ბიურო ვერიტასს“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს. „ბიურო ვერიტასი“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაციაც.